თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იტალიაში რომის მოდის კვირეულის (Roma Fashion Week) ფარგლებში გამართული სილამაზის კონკურსში 11 წლის მარიამ შარაშიძემ გაიმარჯვა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ RFW — Tbilisi Fashion Awards-ის დამაარსებელმა სვეტლანა ოგანმა.
Roma Fashion Week-ზე ქართველმა დიზაინერებმა, მოდელებმა, ვიზაჟისტებმა და სტილისტებმა მონაწილეობა პირველად მიიღეს, რომელიც 3-7 აპრილის პერიოდში ჩატარდა.
„მოდელებს შორის სილამაზის კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა — 7-დან 13 წლამდე და 14-დან 25 წლამდე. მარიამი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიკავა. მისის ტიტულია Miss top fashion models unior-ი. მარიამი 100 კონკურსანტიდან აირჩიეს“, — განაცხადა ოგანმა.
კონკურსის მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელიც 15 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსში საქართველოდან 12 მოდელი მონაწილეობდა, მათგან 8 — პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.
„სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეები რევერანსებს აკეთებდნენ, კოცნას უგზავნიდნენ დარბაზს, რისთვისაც მათ ქულები დააკლდათ. ეს კატეგორიულად იკრძალება. ბავშვებს აფასებდნენ, როგორც ზრდასრულ მოდელებს. ჩვენმა მოდელებმა ჟიურისგან შექება დაიმსახურეს, რადგანაც პოდიუმზე გამოცდილი მოდელებივით წარდგნენ. ჩვენ საქართველოში ჯილდო მოგვაქვს“, — აღნიშნა ოგანმა.
Roma Fashion Week - მსოფლიო მოდის მნიშვნელოვანი მოვლენა და ინტერნაციონალური მოედანია, რომელზეც ცნობილი დიზაინერები და სტილისტები საკუთარ შემოქმედებას წარმოაჩენენ. ამასთან, ეს მოდის სამყაროში ახალგაზრდა ტალანტისმქონე პროფესიონალებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობაა, რომელსაც გამოცდილი დიზაინერები აფასებენ.
მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს 16 ადამიანი წარადგენს, მათ შორის, ტანსაცმლის დიზაინერი ხატი უფო, ვიზაჟისტი ალექს ალექსანიანი და აქსესუარების დიზაინერი მარი ეფეჯიანი.