თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გენდერული კვოტების შემოსაღებად საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება იმიტომ გახდა საჭირო, რომ პოლიტიკაში ქალები ნაკლებად აქტიურობენ, განუცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ირმა პავლიაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.
„ჩვენ თუ მიმოვიხილავთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია. მართალია, ის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-ით გაიზარდა და 16% გახდა, თუმცა მთლიანობაში ეს მაჩვენებელი მაინც სახარბიელო არაა“, — აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.
იურისტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ქალის ყოფნას პოლიტიკაში. მით უმეტეს, რომ საქართველო არაერთ კონვენციას არის მიერთებული და არაერთი ვალდებულება აქვს აღებული პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდის და ხელშემწყობი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით.
„თუ სავალდებულო კვოტა არ იქნა შემოღებული, ჩვენ მოკლევადიან პერიოდში შედეგს ვერც ადვოკატირებით და ვერც ქალების ცნობიერების ამაღლებით ვერ მივიღებთ", — მიაჩნია ირმა პავლიაშვილს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2015 წელს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო კვოტების შემოღებაზე, რათა პოლიტიკურ პარტიებს შემდეგ არჩევნებზე დაბალანსებული სიები წარმოედგინათ, მაგრამ მაშინ ეს წინადადება ჩავარდა, რადგან არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას შესაბამისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა, აღნიშნა იურისტმა.
ამის შემდეგ არასამთავრობო სექტორმა გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვება მოსახლეობაში გადაწყვიტა და დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიტანა კიდეც 37 000 ხელმოწერა საქართველოს პარლამენტში.
ხელმოწერების შეგროვების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას „ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი" ახორციელებდა.
ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 12 ივნისამდე მიმდინარეობდა და ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერი გამხდარიყო.
საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
ნატა პატარაია