თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „გოგონა დაიბადა“, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ეძღვნება, ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 25–27 ნოემბერს გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოში აქტუალურია ბავშვის გენდერული ნიშნით შერჩევის პრაქტიკა. პროექტის მიზანია – აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას.
ფოტოპროექტი თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. ფოტოგამოფენა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
ფოტოპროექტის ავტორი დინა ოგანოვა — ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტია, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში საქმიანობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.
ბავშვის გენდერული ნიშნით შერჩევის გავრცელებული პრაქტიკის გამო საქართველოში ბოლო წლებში უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონა. ქართულ ოჯახებში უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა.
სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევს. ამჟამად საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის.
გამოთვლებით დადგინდა, რომ ასეთი პრაქტიკის გამო 1990 წლიდან 2010 წლის ჩათვლით საქართველოში 25 ათასი გოგონა არ დაიბადა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს.
გაეროს მოსახლეობის ფონდში დარწმუნებული არიან, რომ ბავშვების გენდერული ნიშნით შერჩევა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუ პროცესი არ შეჩერდა, ქვეყანაში გაიზრდება ძალადობის შემთხვევები, დაიწყება ეკონომიკური რეგრესი და შემცირდება შობადობა.