თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით საქართველოში პროგრესი ცხადად ჩანს და ახლა პოლიტიკურ პროცესებსა და ბიზნესის სფეროში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ჩაერთოს, განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა შომბი შარპმა (Shombi Sharp).
თბილისში 2014-2016 წლებში გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს მოქმედებათა ეროვნული გეგმის შესრულების წლიური შედეგები შეაჯამეს.
„მოხარული ვართ, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია… ახლა უკვე დადგა დრო, რომ ყველაფერი რეალობაში განხორციელდეს — მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკასა და ბიზნესში, მიეცეთ მათ თანაბარი სამუშაო პირობები და ხელფასი“, — განუცხადა შარპმა ჟურნალისტებს.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ რეალურ თანასწორობას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ აძლიერებს მათ ოჯახებსაც, ასევე დადებითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, აღნიშნა მან.
შარპმა მოიწონა ის ფაქტი, რომ გენდერულ საკითხებში საქართველოს მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით, სადაც ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, ანალოგიური სამუშაოსთვის 38%-ით ნაკლები ხელფასი აქვთ. ქალების მონაწილეობა ეკონომიკაში გაცილებით ნაკლებია… დიდი გამოწვევა შეინიშნება ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით“, — განაცხადა შარპმა.
საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის იანვარში 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის საკითხებში ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საზოგადოებისთვის 22 მარტს წარდგენილ ანგარიშში დეტალურად არის ნაჩვენები 2015 წელს განხორციელებული ღონისძიებები და საკანონმდებლო ინიციატივები. ისინი ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.