შეხვედრები დილიჟანში: რას განიხილავდნენ IMF და WB ჯგუფის წევრი ქვეყნები

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს დელეგაცია დილიჟანში
საქართველოს დელეგაცია დილიჟანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა, ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან ერთად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განიხილა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრა სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა — მონაწილეებმა მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც მრავალი ქვეყნის მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს ხელმძღვანელობით. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერობებს აფასებს

საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში რეფორმებს "მწვანე შუქი აუნთო"

„პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამაზე და მის მიმდინარეობაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა მორიგი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ 40,7 მილიონი დოლარი უკვე მიიღო.

შემდეგი ტრანშების გამოყოფა დამოკიდებული იქნება ექვს თვეში ერთხელ პროგრამის შესრულების მიმოხილვის დამტკიცებაზე.

მსოფლიო ბანკი საქართველოს განვითარებას მხარს დაუჭერს

მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები – ამ მიმართულებებით საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მსოფლიო ბანკის მომავალი შესაძლებლობები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ფრენკ ჰიმსკერკთან.

მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დააფინანსებს

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017-2020 წლების ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკთან გააფორმებს.

საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში დაფინანსდა 73 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,58 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ყველა ახალი ამბავი
0