თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ არის მიმართული.
შეთანხმება ახალ, სამწლიან პროგრამაზე საქართველოსთვის 285 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს "დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის" ფარგლებში. გადაწყვეტილება კრედიტის პირველი ტრანშის სახით დაუყოვნებლივ 40,7 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. შემდეგი ტრანშების გამოყოფა დამოკიდებული იქნება ექვს თვეში ერთხელ პროგრამის შესრულების მიმოხილვის დამტკიცებაზე.
"ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს სივრცითი მოწყობა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ქვეყნის რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
"პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებულ გეგმას განვახორციელებთ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პროგრამის დამტკიცება ძალზე პოზიტიური სიგნალია ყველა იმ ინვესტორისთვის, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობენ, აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სტრუქტურული რეფორმების ამბიციური გეგმა საშუალებას იძლევა, გაიზარდოს სახელმწიფო მართვის ეფექტურობა, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნეს-გარემო. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტიცია საქართველოს რეგიონის ტრანზიტულ და ტურისტულ ცენტრად გახდომის საშუალებას მისცემს.
სსფ-ის წინა სამწლიანი პროგრამა საქართველოში 2014 წლის ივლისში დამტკიცდა და საკრედიტო ხაზის სახით (Stand by Arrangement) 154 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.