„ავტორთა კითხვის თვე" ქართველ მწერლებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს

გამოწერა
1 ივლისიდან ჩეხეთში სტარტს აიღებს ლიტერატურული ფესტივალი, რომელშიც საქართველოდან 31 მწერალი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველო პირველად მოექცევა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ავტორთა კითხვის თვე" ფოკუსში, რომელიც 1 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.

„ავტორთა კითხვის თვე" — ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი ლიტერატურული ფესტივალია. ის 2000 წელს ბრნოში (ჩეხეთი) ჩეხური გამოცემა Větrné mlýny-ს მიერ დაარსდა. 17 წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა საფრანგეთიდან, კანადიდან, ბელარუსიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან.

წიგნის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის ლიტერატურული ფესტივალი მწერლებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს

ტრადიციული კითხვა ბრნოში დაიწყება, საიდანაც ოსტრავაში (ჩეხეთი), კოშიცეში (სლოვაკეთი), ლვოვსა (უკრაინა) და ვროცლავში (პოლონეთი) გადაინაცვლებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი თვის განმავლობაში ხუთი მონაწილე ქვეყნის ავტორთა ფართო პალიტრას მოუსმინონ.

ფესტივალი ყოველწლიურად "საპატიო სტუმრის" სტატუსით იწვევს ერთ კონკრეტულ ქვეყანას და 31 ავტორს ამ ქვეყნიდან. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველო მოექცა.

„ფესტივალზე ყველა ჟანრის თანამედროვე ქართული ლიტერატურა იქნება წარდგენილი. 31 ავტორი 155 ღონისძიებას გამართავს. ფესტივალი ოთხ ქვეყანას მოიცავს, სადაც მკითხველთა აუდიტორიის გარდა ავტორები შეხვდებიან ადგილობრივი მასმედიის, გამოცემების წარმომადგენლებსა და ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ სხვა პროფესიონალებს", — ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

წიგნის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების კონკურსი გამოცხადდა

„ავტორთა კითხვის თვეზე" ქართულ ლიტერატურას წარადგენენ მწერლები და პოეტები: აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, პაატა შამუგია, ლია ლიქოკელი, შოთა იათაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ერეკლე დეისაძე, ეკატერინე ტოგონიძე, მარიამ წიკლაური, დავით გაბუნია, თამთა მელაშვილი, ბესო ხვედელიძე, დიანა ანფიმიადი, ლელა სამნიაშვილი, ნიკა ჯორდანელი, ნენე კვინიკაძე, რეზო თაბუკაშვილი, გიორგი არაბული, ბათუ დანელია, გიორგი ლობჟანიძე, ბექა ქურხული, ზურაბ რთველიაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად რატიანი, ლელა კოდალაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, თეა თოფურია, ზაზა კოშკაძე და ეკა ქევანიშვილი.

საქართველოს მხრიდან ფესტივალის თანაორგანიზატორია მწერალთა სახლი, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ღონისძიების პროგრამას დაწვრილებით გაეცანით ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0