თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ძმებმა გია და ლევან ყარამანიშვილებმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, იუწყება „რუსთავი 2“ (Rustavi2).
ყარამანაშვილების განცხადება იწყება განმარტებით, რომ:
„ინფორმაცია, თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს“.
როგორც ყარამანაშვილები აცხადებენ, თათბირზე, რომელიც ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს შეეხებოდა, რეალურად თავად ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა, რასაც თათბირის „დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა“ არ მოჰყოლია.
ყარამანაშვილები განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ თათბირი არა მათი, არამედ ტელეკომპანიის თანამშრომლების ინიციატივით იყო მოწვეული.
„აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით“, — განმარტებულია განცხადებაში.
„რუსთავი 2-ის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი ყარამანაშვილების განცხადებით:
„იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია, განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“.
ყარამანაშვილების განცხადების ბოლო პუნქტი იმ ფინანსური პრობლემების მოგვარების გზებს ეხება, რომლებიც ახლდა დგას ტელეკომპანიის წინაშე.
როგორც ირკვევა, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი რამდენიმე კვირის წინ უკვე შეთანხმებულან კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე და ახლა „აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა დაკომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება“.