თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ აშშ-ში თავის დაპატიმრებაზე Facebook-ის მეშვეობით კომენტარი გააკეთა და მომხდარს დიდი გაუგებრობა უწოდა.
მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელის, საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ხურციძის გვარი ფიგურირებს 33-კაციან სიაში, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ წარუდგინა ბრალი როგორც დანაშაულებრივი სინდიკატის წევრებს. ხურციძეს ბრალად ედება „კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირი, რომელიც აშშ-ში დანაშაულებრივ დაჯგუფებას მართავს.
„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება განვაგრძო მომზადება სონდერსთან ბრძოლისათვის", — დაწერა ხურციძემ.
WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამარზე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსთან ჯახი ლონდონში 8 ივლისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი WBO-ს პრომოუტერებზე დაყრდნობით იუწყება, ბრძოლა გადაიდო.
ხურციძეს ბრალად ედება ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეთანხმება, რისთვისაც მას 20 წლამდე ვადით პატიმრობა და 250 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
ბრალდებულთა შორის 14 ქართველია: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ნიკოლოზ ჯიქია და ირაკლი კერესელიძე.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებით მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ. მათ ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
ამჟამად დაჯგუფების ხუთი წევრია თავისუფალი, დანარჩენები კი პატიმრობაში რჩებიან. ბრალდებები წაყენებულია სხვადასხვა მუხლებით: შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.