თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ქართველების დაკავების საკითხს არკვევს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ნიუ-იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრს ბრალი წაუყენა. მათგან 27-ს ბრალად ედება „კანონიერი ქურდების" რაჟდენ შულაიასა და ზურაბ ჯანაშვილის დაჯგუფებასთან კავშირი.
„ეს ძალიან ახალი ინფორმაციაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ. ჩვენ გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, ჩაერთოს ამ პროცესში. დეტალებს ვარკვევთ. როგორც კი გვექნება დამატებითი დეტალები, აუცილებლად მოგაწვდით", — განაცხადა ზალკალიანმა.
ბრალდებულთა შორის 15 ქართველია: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ავთანდილ ხურციძე, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ნიკოლოზ ჯიქია და ირაკლი კერესელიძე, აღნიშნულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში „ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დაკავებული იყო ფულის გამოძალვით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებით მკვლელობებით".
გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს აქ მოთამაშეთაგან დავალიანების მქონე პირებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ. ჯგუფი შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ. მათ ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
ამჟამად დაჯგუფების ხუთი წევრია თავისუფალი, დანარჩენები კი პატიმრობაში რჩებიან.
ბრალდებები წაყენებულია სხვადასხვა მუხლებით: შეთქმულება შეკვეთით მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.