ტიხრული მინანქრის ხელოვნება, ანუ გზა სიბრტყიდან ფორმებამდე

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევრები
თათა გოგრიჭიანის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მინანქარი ლითონისა და გამდნარი შუშის ერთობლიობით მზადდება. ლითონად გამოიყენება ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. თავდაპირველად მინანქარს ეგვიპტელები აკეთებდნენ.

საქართველოში ტიხრული მინანქარი ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. ქართულ ტიხრულ მინანქარს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში შექმნილი ძალიან ბევრი ნამუშევარია შემორჩენილი. სწორედ ამ ნამუშევრებზე დაყრდნობით თანამედროვე ეტაპზე შესაძლებელი გახდა ქართული ტიხრული მინანქრის აღდგენა და განვითარება.

თათა გოგრიჭიანი ტიხრული მინანქრის ხელოვნებას დედის რჩევით დაეუფლა. დღეს ამ ტექნიკით დახვეწილ და რთულ ნამუშევრებს ქმნის. თათა თავად მოგიყვებათ, როდის და რატომ დაინტერესდა ამ ხელოვნებით.

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევარი
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი

– რა ადგილი უჭირავს თქვენ და ზოგადად ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში სამკაულს? რა განწყობას და ხასიათს სძენს ლამაზი სამკაული ქალს?

— სამკაულს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს, რადგან მთელ ჩემ დროს ვუთმობ მათ შექმნას და შვილებს. ვფიქრობ, ლამაზი სამკაული ამაღლებულ განწყობას ქმნის და ქალის ხასიათზე დადებითად მოქმედებს — სძენს თავდაჯერებულობას, ამხიარულებს და უფრო ეფექტურს ხდის ქალს. სამკაული, რა თქმა უნდა, სწორად უნდა იყოს შერჩეული სიტუაციიდან და ჩაცმულობიდან გამომდინარე.

– როდის გადაწყვიტეთ, რომ სამკაულის გაკეთება გესწავლათ?

— 18 წლის ვიყავი, დედამ შემომთავაზა მესწავლა. მაშინ არც ვიცოდი, რა იყო ტიხრული მინანქარი. ასე ყველგან არ იყიდებოდა და არც ბევრი აკეთებდა. ხატვა ყოველთვის მიყვარდა, ბისერებითაც ვაკეთებდი რაღაცებს. ცოტას ვკერავდი კიდეც. ჰოდა, ვიფიქრე, რატომაც არა, ვისწავლი და როდესაც პატარა მეყოლება, შევძლებ სახლში ვიმუშაო, დამატებითი შემოსავალი მექნება, თან პატარას არ მოვაკლებ ყურადღებას-მეთქი.

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევარი
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი

– რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც მინანქარი?

— დავიწყოთ იმით, რომ უზომოდ მომწონს მინანქრის ნაკეთობები. ეს არის ფხვნილები, რომელიც გამოწვის შემდეგ იღებს ულამაზეს ფერებს და იქცევა მინად. თვითონ კეთების პროცესი არის ძალიან საინტერესო. ხატავ ტიხრებით, ანუ ქმნი ესკიზს. უმეტესად გონებაში ვქმნი და პირდაპირ გადამაქვს ლითონზე. შემდეგ ამ ფხვნილებით ვფერავ უკვე გამოწვის შემდეგ დასრულებულ ნამუშევარს. სხვათა შორის, მინანქრის ფერები შეიცავს ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების ნაწილაკებს.

– არაჩვეულებრივ ფერთა გამას ქმნით თქვენ სამკაულზე. ეს თანდაყოლილი ნიჭია?

— არ ვიცი, ალბათ ასეა. ყველა თავისებურად აღიქვამს ფერთა შეხამებას. ბავშვობიდან ვხატავდი ცოტ-ცოტას. ფერწერა ძალიან მიყვარდა, ალბათ ღმერთმა ამ ნიჭით დამაჯილდოვა.

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევარი
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი

– შეიძლება ოდესმე მინანქარმა პოპულარობა დაკარგოს ან მოდიდან გადავიდეს?

— არა მგონია, მაშინ ხელოვნებამ უნდა დაკარგოს პოპულარობა. ეს ხომ ხელოვნებაა, ფაქტიურად ხატვაა, ოღონდ ცოტა უფრო რთული, ვიდრე ფანქრებით და საღებავებით. ვფიქრობ, პირიქით, მეტად პოპულარული გახდება, რადგან საზღვარგარეთ ძალიან ფასობს ჩვენი ქართული მინანქარი, როგორც ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუში.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული ნამუშევარი რომელი შეგიქმნიათ?

— რთული არის ის, რისი გაკეთებაც არ მსიამოვნებს. რასაც ჩემი გემოვნებით ვაკეთებ, რაც არ უნდა დიდი და რთული ფორმა იყოს, არ მერთულება. აი, თუ მომიტანენ სხვის ნამუშევარს და მეუბნებიან, რომ მსგავსი უნდა გავაკეთო, სულ მარტივიც კი რთულად გამომდის. გული არ მიმდის, რომ საქმეს შევუდგე, თუმცა მაინც ვაკეთებ და გამომდის უმეტესად ზუსტი ასლი. თუმცა კიდევ ვამბობ, ძალიან არ მიყვარს სხვისი ნამუშევრების ასლის გაკეთება.

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევარი
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი

– ბეჭდის ყალიბებსაც თქვენ აკეთებთ?

— არა. ბეჭედიც და სხვა სამკაულის ფორმებიც გამზადებულია. ამას ხელოსნები აკეთებენ, ოქრომჭედლები. მე თუ რამე განსხვავებული ფორმა მომაფიქრდება, მიმაქვს და ვაკეთებინებ. პირველი ფორმა ხელით იქმნება, შემდეგ შეიძლება ჩამოასხა რამდენიც გინდა.

– როგორ უნდა მოვუაროთ მინანქრის სამკაულს, რომ არ დაკარგოს ფერი?

— მოვლას რაც შეეხება, მთავარია არ დაგივარდეთ, არ მიარტყათ რამეს, რომ არ ამოტყდეს, ან არ დაიბზაროს, რადგან მინაა. ზღვაში და გოგირდიან წყალში არ შეხვიდეთ მინანქრის და ზოგადად სამკაულით. გაპრიალება და გასუფთავება შეგვიძლია უბრალო საჭმელი სოდით ან ე.წ. ბრილიანტის მწვანის ქვით. შენახვას რაც შეეხება, სასურველია მინანქრის ნივთებს თუ ცალ-ცალკე ჩავდებთ პატარა პოლიეთილენის პარკებში ან ტომრებში, განსაკუთრებით, მგზავრობისას, რომ ერთმანეთს არ მიეჯახოს და არ დაზიანდეს…

© FB/ TAG Art Cloisonne Enamelთათა გოგრიჭიანის ნამუშევარი
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თათა გოგრიჭიანის ნამუშევარი

– რას ეტყოდით ქართველ ქალებს?

— გაიმეტეთ თქვენი თავისთვის სამკაული. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა საჩუქრებად ყიდულობენ, თავად კი გული სწყდებათ. მინდა, რომ თავისთვისაც გაიმეტონ. ვიცი, ცუდი მდგომარეობა გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ მუდამ მოვლილები და სასურველები იყოთ. არ დაინანოთ ლამაზი სამკაულის შეძენა, რომ კიდევ უფრო დაიმშვენოთ და მოიწონოთ თავი.

ყველა ახალი ამბავი
0