თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში С ჯგუფის დასკვნით მატჩში საფრანგეთის გუნდთან ანგარიშით 0:54 წააგო.
ამ შეხვედრაზე ქართული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ასეთი სავალალო შედეგი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ სტადიაში 12 გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ვერც ერთი ქულა ვერ მოაგროვა.
ამ გამარჯვების შედეგად ფრანგებმა 11 ქულა მოაგროვეს და С ჯგუფში სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ და ტურნირის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
ამ ეტაპზე ნახევარფინალების ორი მონაწილე არის ცნობილი. ეს არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები. უძლიერესთა ოთხეულში ვინ დაიკავებს დარჩენილ ორ ადგილს, გადაწყდება ინგლისსა და ავსტრალიის გუნდებს შორის შეხვედრის შემდეგ, რომელიც 20:30 საათზე დაიწყო.