თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U-20) რაგბიში თბილისში სამხრეთ აფრიკის გუნდ „ვესტერნ პროვინსთან" სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტესტ-მატჩები ქართული გუნდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (U-20) მზადების ფარგლებში გაიმართება 29 აპრილს, 3 და 6 მაისს. სამივე შეხვედრა საწვრთნელ ბაზა „შევარდენზე" ჩატარდება.
ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპს ატარებს. მწვრთნელთა შტაბის განცხადებით, ნაკრებისთვის „ვესტერნ პროვინსთან" სამი შეხვედრა იმისთვის არის აუცილებელი, რომ საკუთარი სუსტი მხარეები დაინახონ და თამაშის ტაქტიკური სქემები გააუმჯობესონ.
საკონტროლო მატჩებზე ქართულ გუნდს შეუერთდებიან ლეგიონერები – ლაშა ტაბიძე, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე, ლუკა იურინი, უჩა ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი. 6 მაისის შემდეგ ისინი საკუთარ კლუბებს შეუერთდებიან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებში ეტაპობრივად დაბრუნდებიან.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში (U-20) მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ახალი ზელანდიის, ინგლისის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, უელსის, არგენტინის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და სამოას ნაკრებები. გუნდები სამ ჯგუფად (თითოეულში 4 გუნდი) დაიყოფიან. ნახევარფინალში გავა თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი.
მატჩები გაიმართება თბილისში სტადიონ „ავჭალაზე" და ქუთაისში — „აია არენაზე".
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში (U-20) საქართველოში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.