მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები - მსოფლიო ჩემპიონატი U-20 თბილისში

გამოწერა
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემიონატის წინ თბილისში ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ოთხაშაბათს, თბილისში, რაგბის U-20  მსოფლიო ჩემიონატისადმი მიძღვნილი პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ზაფხულის დასაწყისში ჩატარდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„წლეულს ჩვენი ქვეყანა პროექტ Check in Georgia”-ს ფარგლებში, არაერთ დიდ სპორტულ შეჯიბრებას მასპინძლობს. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კი თავისი მნიშვნელობითა და დონით მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველწლიური ტურნირი, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ასაკობრივი ნაკრები ასპარეზობს, მომავალ ვარსკვლავთა სამჭედლოა. ეს 20 დღე, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში“, — განაცხადა ხეჩიკაშვილმა. 

U-20 რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის U-20 ნაკრებმა ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მეათედ ტარდება. მომავალი ტურნირის დევიზია: „მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები”(Future Stars of World Rugby).

პირველი ტურნირის ჩატარებიდან (2008) დღემდე, U-20   ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს U-20  ნაკრებმა მონაწილეობა პირველად შარშანდელ მსოფლიო ჩემიონატზე მანჩესტერში მიიღო. მაშინ გუნდმა მეათე ადგილი დაიკავა.

წელს, საქართველოს გარდა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი 11 გუნდი:  ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, სამოა.

12 გუნდი სამ ჯგუფად დაიყოფა. მათი შემადგენლობა:

„А“ ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა

„В“ ჯგუფი: ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია

„С“ ჯგუფი: საქართველო, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი

ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან სამი გამარჯვებული  და მეორე ადგილის მქონე საუკეთესო გუნდი გადის. დანარჩენი ნაკრები გუნდები 5-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში ჩატარდება — თბილისში („ავჭალის“ სტადიონზე) და ქუთაისში („აიას“ სტადიონზე). ჯგუფური სტადიის მატჩები შედგება 31 მაისს, 4 ივნისს და 8 ივნისს. ორი ნახევარფინალი გაიმართება 14 ივნისს, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი  -18 ივნისს.

ოცწლამდელთა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ნაკრებია.


ყველა ახალი ამბავი
0