თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. რუსეთი ცდილობს გახადოს ცხინვალის რეგიონი „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმების სრულუფლებიანი მონაწილე, რაც მიუღებელია ქართული მხრისთვის, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომელიც გამოხატავდა მზადყოფნას – მიიღოს მონაწილეობა საქართველოს მიერ ამ არაკონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტის განხორციელებაში. რუსეთმა და საქართველომ შეთანხმებას 2011 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის თაობაზე რთული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
„2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისთვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისთვის", — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა, არ დაუშვან შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზება.
„ქართული მხარე, მხარს უჭერს რა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობის ღიაობის თაობაზე, მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს, პრინციპული შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს და არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზება", — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა "გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას".
საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემდა, გვერდი აევლოთ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხისთვის, ასევე აემოქმედებინათ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
2011 წელს მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, შექმნილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე საქონლის მოძრაობისთვის თვალის მიდევნების ელექტრონული სისტემა. ასეთი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა მოსკოვის მიერ ამ ოპერაციების სტატუსის განსაზღვრის – როგორც რუსულ-ქართული ვაჭრობის ფორმალური აღიარების გარეშე, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობებზე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდა.
შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გამავალი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციით მოწოდებით. კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).