თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურა იძიებს საქმეს პოლიციის მხრიდან დ.გ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის გამოყენების ფაქტზე, „უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების“ მუხლით, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაკავებისას პოლიციის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ძალადობის გამოყენების შესაძლო ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომლის რწმუნებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა დაკავებულს. ნანუაშვილმა პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიების რეკომენდაცია მისცა.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შსს —ს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ.-ს დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–4 საათზე დააკავეს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა.
დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, რამდენიმე პოლიციელებმა მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით.
„დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველის მონაცემებით, 7 ივნისს ომბუდსმენის რწმუნებულის მიერ დაკავებულის მონახულებისას მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.