ქართველ გამომძიებლებს აზერბაიჯანში მუხთარლის დაკითხვა სურთ

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმის ფარგლებში ქართველ გამომძიებლებს სურთ ბაქოს ციხეში დაკითხონ ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, რომ ქართველ მხარეს შესაძლებლობა მიეცეს დაკითხონ ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. აზერბაიჯანში მუხთარლის ბრალად ედება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", "კონტრაბანდა" და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბაქოს სასამართლომ მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში მოათავსა.

„საქართველომ მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც დაერთოს საქმეს“, — განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში". 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტებმა პარლამენტში მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გამართეს

თბილისში მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმის ფარგლებში ქართველმა გამომძიებლებმა დაკითხეს 100-ზე მეტი პირი, სათვალთვალო კამერებიდან 30-ზე მეტი ჩანაწერი ამოიღეს და სატელეფონო ზარების სკანირებას ახორციელებენ.

სამშაბათს  ცნობილი გახდა, რომ ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში სამ თვეს გაატარებს.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მის მხარდასაჭერად პერმანენტულ  აქციებს მართავენ. საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიების ორგანოებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა დადგინდეს, პასპორტის გარეშე როგორ მოახერხა ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, მას პასპორტი სახლში დარჩა.

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა  შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელებს დააკისრეს.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.

ინციდენტზე მწვავე რეაქცია ჰქონდა საქართველოს პარტნიორებს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია თვალს ადევნებს მოვლენებს და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების დაცვის გარანტიები უკვე მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, თუ მუხთარლის აზერბაიჯანში ბრალდებულად აღიარებენ, მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0