თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს და თავზე შავი პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს.
გასულ კვირას საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია თბილისიდან მუხთარლის გატაცების შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ მუხთარლი ბაქოში დააპატიმრეს. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. თბილისში მცხოვრებ მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევასა და მათ შვილებს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია საპარლამენტო კომიტეტის სხდომათა დარბაზში მჯდომი ჟურნალისტების ჯგუფი შავი პოლიეთილენის პარკებით თავზე, რომელთაც ხელში უჭირავთ მუხთარლის ფოტო წარწერით Free Afgan.
"ჩვენი აღშფოთება გამოიწვია ასეთმა დამოკიდებულებამ – პარლამენტის თავმჯდომარე და სოფიო კილაძეც (კომიტეტის თავმჯდომარე) საერთოდ იგნორირებას უკეთებენ მუხთარლისთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფაქტი არის იმდენად მძიმე, რომ არ შეიძლება მისი იგნორირება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ფაქტის შემდეგ ნებისმიერი ჟურნალისტის და არა მარტო ჟურნალისტის უსაფრთხოება დაცული არ არის", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ნანა ბიგანიშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.
ჟურნალისტების პროტესტს შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების "მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები. მათ კომიტეტზე მუხთარლის საკითხის განხილვა მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ოპოზიციას წესრიგისკენ მოუწოდა. "შეწყვიტეთ შოუს მოწყობა!" — მიმართა მან ოპოზიციას.
აქცია-პერფორმანსის შემდეგ პარლამენტის კომიტეტმა მუშაობა გააგრძელა.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში მისი მხარდამჭერი რამდენიმე აქცია გამართეს.
ოპოზიციური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები გამოცხადდნენ.
მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო და საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური.
აზერბაიჯანში მუხთარლის ბრალად ედება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", "კონტრაბანდა" და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა, რომელიც სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს". ბრალის აღიარების შემთხვევაში მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.