თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის შემოსულობების ექვსი თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.
„ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505 მილიონი ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%), რაც პირველ ექვს თვეზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა", — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ივნისში მოსალოდნელია 800 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება, ამის გათვალისწინებით 6 თვის გეგმის სავარაუდო შესრულება 104%-ზე მეტს შეადგენს. 6 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდება არა მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებში, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსავლებში, ასევე, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღებაც, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტები წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირაში. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩარიცხვა.
„2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები 11,457 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ასიგნებები — 11,415 მლრდ ლარს.