თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" თბილისის მერობის კანდიდატი ამჟამინდელი საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ამის შესახებ ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდნენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს… სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე განიხილებოდა საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროგრამაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, კალაძე თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატია.
„პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ჩემთვის კახა კალაძე მისაღები კანდიდატია", — განუცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები შემოდგომით გაიმართება. მოსახლეობა გამგებლებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.
დედაქალაქის მოქმედი მერი დავით ნარმანია არაერთხელ გამხდარა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მას მმართველ პარტიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატებს, ამჟამად მხოლოდ პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს" კანდიდატის ვინაობაა ცნობილი — ელენე ხოშტარია. როგორც მასმედიაში ვარაუდობენ, წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთვებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.