თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის გაერთიანება გადაწყვიტეს.
თავის დროზე „თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკელები" მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებაში" შედიოდნენ. დროთა განმავლობაში კოალიცია დაიშალა, თუმცა კოალიციის მთავარმა პარტიამ — „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა. ვერც „თავისუფალი დემოკრატები", ვერც „რესპუბლიკელები" პარლამენტში ვერ შევიდნენ.
„თავისუფალმა დემოკრატებმა" და „რესპუბლიკელებმა" გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვდგეთ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე. სწორედ თვითმმართველობის არჩევნებიდან დავიწყებთ „ქართული ოცნების" შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას, შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას", — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ.
„რესპუბლიკელებს" და „თავისუფალ დემოკრატებს" თანამშრომლობის და პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია, აღნიშნა „რესპუბლიკელების" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
„ჩვენ გვაქვს საერთო იდეოლოგია და მსგავსი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. სწორედ ამიტომ ჩვენმა მოლაპარაკებებმა შედეგს მიაღწია და ჩვენ გავერთიანდით ერთ ბლოკად", — აღნიშნა სამნიძემ.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე წარუმატებლობის შემდეგ ორივე პარტია ლიდერების გარეშე დარჩა. „რესპუბლიკური პარტია" დატოვეს პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ, თავდაცვის ექს-მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. ახლახან უსუფაშვილმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. „რესპუბლიკელები" კოალიციაში არჩევნებამდე რჩებოდნენ.
„თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია 2014 წლის ბოლოს დატოვეს, როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს. მისი გადაყენების საფუძველი გახდა ხელისუფლების ღია და მკვეთრი კრიტიკა თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების დაკავების გამო. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვეს ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ.
ბოლო არჩევნების შემდეგ, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ვიქტორ დოლიძე — ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, ხოლო გიორგი ცაგარეიშვილი — გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩევლად.