თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთმა 2017 წლის იანვარ-მაისში 14,8 მლნ ბოთლი ღვინის იმპორტი განახორციელა და ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი გახდა.
სულ საქართველომ 2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე გაიტანა 24,75 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია. ამასთან, ამავე პერიოდში საქართველომ 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა მსოფლიოს 41 ქვეყანაში, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც", — განუცხადა ჟურნალისტებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა.
სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 14,8 მილიონი ბოთლი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 96% შეადგინა.
მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 3,2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 160% შეადგინა. იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მესამე ადგილზეა უკრაინა — დაახლოებით 2,4 მლნ ბოთლი. ექსპორტის ზრდამ ამ ქვეყანაში 28% შეადგინა.
ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში არიან პოლონეთი და ყაზახეთი. ესპორტმა ყაზახეთში 1 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა, ხოლო პოლონეთში — 978,4 ათასი ბოთლი ღვინო.
უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში განხორციელდა, 5,5 მილიონ ბოთლზე (0,5 ლ) მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 13,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის პერიოდზე 73%-ით მეტია.
მთლიანობაში 2017 წლის იანვარ-მაისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.