თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განსახილველად ქართული მხარის წინადადება მიიღო, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული, ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო", OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
„ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელ მსოფლიოში", — აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ქართული ღვინოა შესული — შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).
„ქარვისფერი ღვინო" ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული, კერძოდ, ჭაჭაზე დადუღებული ღვინოა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ქართული „ქარვისფერი ღვინო" OIV-ს სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.