საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს

გამოწერა
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პარლამენტში დაგეგმილი შესწორებების განხილვის შემდეგ სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განახლებული კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

განახლებული კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გასულ კვირას დასრულდა. განხილვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას ელის

„ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო განხილვებს, პირველ რიგში საკომიტეტო ფორმატში განიხილება საკონსტიტუციო პროექტი, შემდეგ გადავალთ პლენარულ სხდომებზე", — განაცხადა კობახიძემ.

სპიკერმა დაამატა, რომ პროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მას შემდეგ გაიტანენ, რაც ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა, ანუ 16 ივნისის შემდეგ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, პირველი მოსმენა 12 ივნისს აღარ გაიმართება და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, როდესაც უკვე საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაიმართება. ამის შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა", — განმარტა კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი და პაოლო ალი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა NATO-ს ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის დაწერაში დახმარება სთხოვა

საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტს ორი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ, ხოლო მესამე, საბოლოო მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.

„ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება, დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი შევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად", — აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი კონსტიტუცია 2018 წელს ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0