თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის მხრიდან დადებით შეფასებას ელის, რომელიც, სხვა დანარჩენთან ერთად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებასაც ითვალისწინებს.
კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება და იზრდება მთავრობის უფლებამოსილება. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას და პარლამენტის არჩევნების ახალი სისტემის — პროპორციული — დანერგვას.
„ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან რამე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. იყო გარკვეული შენიშვნა, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტთან მიმარტებაში ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“,- განაცხადა ბერლინში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონსტიტუციონალისტებმა და ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ტომას მარკერტმა ორდღიან კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხებოდა.
მდინარაძის სიტყვებით, გამოთქმული შენიშვნები პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ეხებოდა.
„ერთ-ერთი საკითხი იყო მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს“, — აღნიშნა მდინარაძემ.
პროექტის თანახმად, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდალის სტატუსს შეინარჩუნებს, მაგრამ მოქმედი კანონის ვერსიისგან განსხვავებით, ყველა მისი გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო მოწყობასა და ქვეყნის თავდაცვას შეეხება, პრემიერ-მინისტრის თანხმობას მოითხოვს. ასევე პრეზიდენტს ჩამოერთმევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისა და საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლება.
გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს — ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, უშიშროების საბჭო გარდაიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, რომელიც იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და რომლის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა შემუშავებულ პროექტში საყოველთაო განხილვებისა და ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ცვლილებების შეიტანოს.
სავარაუდოდ, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისისთვის მოამზადებს.
კონსტიტუციის განახლებული პროექტი, როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არა ერთხელ განუცხადებია, რომ საყოველთაო განხილვებისა და ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე „ქართული ოცნება" მზად არის შემუშავებულ პროექტში ცვლილებები შეიტანოს.
„ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.
„ვენეციის კომისია", ოფიციალურად კი „ევროპის კომისია დემოკრატიისთვის სამართლის საშუალებით", 1990 წელს ევროპის საბჭოში შეიქმნა. 2002 წლიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ქვეყნებს, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები არ არიან. სესიები ვენეციაში იმართება, საიდანაც კომისიის არაოფიციალური სახელწოდება მომდინარეობს.