თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბოლო ტალღა სკანდალში მას შემდეგ დაიძრა, რაც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) საჯაროდ დაადანაშაულა კავშირში საპატრიარქოს წარმომადგენელთა იმ ჯგუფთან, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლიკვიდაციით არის დაინტერესებული. ამ ბრალდებებს მეუფე პეტრემ პროვოკაციული უწოდა.
როგორც ირკვევა, ქარჩავამ ხმამაღალი განცხადებები საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გააკეთა. საპატრიარქომ ყველა მოდავე მხარეს საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ქარჩავამ შენიშვნა მიიღო, მეუფე პეტრეს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
რამდენიმე დღის წინ კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა უფროსის გარეშე დარჩა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ურთიერთბრალდებები
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ ის კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციით არის დაინტერესებული. იურისტის თქმით, საპატრიარქოში არსებობს პირთა ჯგუფი, რომლებიც „ციანიდის საქმეში" გარეულ ადამიანებთან არიან დაკავშირებული.
საქმე ისაა, რომ მეუფე პეტრე ცაავა პატიმრობაში მყოფ მამალაძეს უჭერს მხარს. ის მიიჩნევს, რომ ციანიდის ისტორია მოწყობილია.
„ეს არის ჯგუფი, რომელიც ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფს სულიერ, იდეურ და სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს. ისინი ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის გაუქმება, კათოლიკოს-პატრიარქის ნებისმიერი ფორმით და ხერხით საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოგდება, მათ შორის ლიკვიდაცია", — განაცხადა ქარჩავამ.
მან აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე მეგობრულ ურთიერთობაში იყო დეკანოზ მამალაძესთან და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან სოსო ოხანაშვილთან.
"ვერ ვიტყვი, რომ მეუფე პეტრე უშუალოდ მონაწილეობდა, მაგრამ მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება. გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი. ის მეგობრობდა როგორც მამა გიორგი მამალაძესთან, ისე სოსო ოხანაშვილთან. მათ უწევდა სულიერ თანადგომას, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება", — თქვა ქარჩავამ.
მოგვიანებით ქარჩავამ განაცხადა, რომ გულისხმობდა არა ფიზიკურ, არამედ სულიერ მოკვდინებას.
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ქარჩავას ცილისმწამებლური განცხადებები ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
„პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია. ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და თუ პატრიარქი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია… სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, მანამ ჩვენ არ ვართ დაცული მსგავსი ინტრიგების, პროვოკაციებისა და მსგავსი ცილისწამებისგან, რაც ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას", — განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
საპატრიარქოს პოზიცია
სანამ ქარჩავა და ცაავა ურთიერთბრალდებებით გამოდიოდნენ, საპატრიარქო დუმდა. ხუთშაბათს, საღამოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ყველას, მათ შორის, ქარჩავას პირადი ინიციატივებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული", — ნათქვამია განცხადებაში.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ქარჩავა საპატრიარქოს პოზიციას სრულად იზიარებს.
"საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემს მოვალეობას ჩვეულებრივ ვაგრძელებ", — განაცხადა ქარჩავამ.
ომის მიუხედავად დაცვას თავისი განრიგი აქვს
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ზურაბ ბუჩუკური კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვინ შეცვლის მას, ჯერჯერობით უცნობია.
„კანდიდატურა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ამიტომ ვერაფერს დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს განხილვა", — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ხუთშაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გაახმოვანა ვერსია, რომ ილია მეორის დაცვის უფროსის თანამდებობა, შესაძლოა, რიგითმა თანამშრომელმა ვანო კობაიძემ დაიკავოს.
იმავე დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გაჩნდა ცნობა, რომ ბუჩუკური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, სადაც მისი დაცვის უფროსს შეხვდა. სახელმწოფო დაცვის სამსახურში არ დაუდასტურებიათ, რომ ბუჩუკური სამსახურს სახელმწიფოს მეთაურის დაცვაში დაიწყებს.
„ამასაც ვერ დაგიდასტურებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ზურაბ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლად რჩება და ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, რომელ ქვედანაყოფში და რა მიმართულებით – ამას ვერ ვიტყვი", — აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.
ბუჩუკური პატრიარქის დაცვის მეორე უფროსია, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს თანამდებობა დატოვა. თებერვლის ბოლოს საკუთარი სურვილის საფუძველზე გადადგა სოსო ოხანაშვილი. ეს საპატრიარქოში აგორებულ „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებულ სკანდალს დაემთხვა.