თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები, რომელზეც ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძეა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად დახურა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად თეთრუაშვილი ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობით ბრალდების მხარე გამოვიდა.
„გიორგი მამალაძის მობილური ტელეფონიდან და პერსონალური კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, უფრო ხშირ შემთხვევაში ინტიმური ცხოვრების დეტალებს. ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების ინტიმური ცხოვრების ეს დეტალები გიორგი მამალაძეს, როგორც სასულიერო პირს, უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და ამ ინფორმაციის საჯაროდ განხილვა დაუშვებელია. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი რელიგიის აღმსარებელია, და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ სასულიერო პირის გიორგი მამალაძის შესახებ საქმის მასალებში არსებული კატეგორიულად მიუღებელი და უარყოფითი ინფორმაციის სრულად გასაჯაროება შფოთს შეიტანს მოსახლეობაში“, — განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროკურორის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გახმოვანებას შანტაჟი უწოდა.
„სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულს ემუქრება პირადი, პერსონალური ინფორმაციით, რომელიც საქმეს არ ეხება. თუ ეს პირადი მიმოწერა არ უკავშირდება დანაშაულის მომზადებას, ეს არის შანტაჟი“, — განაცხადა ფანცულაიამ.
პროკურორის განცხადებამ თავად დეკანოზ გიორგი მამალაძეც აღაშფოთა, რომელიც ღია მოსმენებს მოითხოვდა.
„ვეთანხმები ადვოკატებს. დასამალი არაფერი მაქვს. მაგრამ არ მესმის, ჩვენ აქ რას განვიხილავთ — ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას, მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, — განაცხადა მამალაძემ.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პროცესი დახურა, მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა და საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნდა, სადაც ის განაჩენის გამოტანამდე დარჩება. აღშფოთება დეკანოზის ადვოკატებმაც გამოხატეს, რომლებმაც შემდგომ სასამართლო დარბაზი მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოწოდებით დატოვეს.
ამის შემდეგ მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
„სასამართლომ დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას. ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს“, — ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თუ მამალაძე შემდეგ სხდომაზე, 30 მაისს არ გამოცხადდება, ეს მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.
მამალაძეს წაყენებული აქვს ბრალდება მუხლით „განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით ან შეკვეთით", რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.