დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ბრალდების თანახმად, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაამკაცრა ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, საუბარია ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაზე დამამძიმებელ გარემოებებში, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. დაკავებისას მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება წარუდგინეს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, 2015 წლის ნოემბრიდან გიორგი მამალაძე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. ამ პერიოდში მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირა, თუმცა, ამავდროულად ის დაინიშნა იმავე სამსახურის უფროსის მოადგილისა და შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორის თანამდებობებზე.

საკანი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიუხედავად დაკავებული მაღალი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო. გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა, საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და, თანამდებობიდან გამომდინარე, საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა.

ამასთანავე გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ მის კარიერულ ზრდას ხელს უშლიდა შორენა თეთრუაშვილი და რომ ის ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან.

"არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, როდესაც 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში, გიორგი მამალაძემ ეს ხელსაყრელ ვითარებად მიიჩნია, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი მოტივი, ამავე დროს მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა.

"გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდის" შემცველი ფხვნილი", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

მამალაძის საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს. პირველი სხდომა 5 მაისს გაიმართება. მისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, მთლიანობაში შეისწავლეს 500-მდე გიგაბაიტი ინფორმაცია.

საქმეზე ასევე ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სამხილების სახით მიღებული ვიდეოჩანაწერები ნამდვილია და მასში სწორედ გიორგი მამალაძე ლაპარაკობს; ხოლო მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთმტკიცება ნამდვილად შეიცავს ძლიერმოქმედ შხამს "ნატრიუმის ციანიდს" და მისი რაოდენობა საკმარისია რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის.

გამოძიებამ ძალაში დატოვა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება, რადგან ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის გამოყენებისთვის ვარგისია.

ამის პარალელურად მთავარი პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას, რათა დაადგინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პირი და მათი ვინაობა, ვინც დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო.

ყველა ახალი ამბავი
0