თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობის ვადა გაუგრძელა, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
„ჩვენ 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ვითხოვდით, მაგრამ ის (მამალაძე — რედ.) წინასწარ პატიმრობაში დატოვეს… ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. მე თეორიის დონეზეც კი ვერ ვხედავ სამართლებრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც ჩვენი მხარის პოზიცია უნდა ავაგოთ. მე საჩივრის დაწერას გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ შევძლებ“, — განაცხადა ფანცულაიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი წინასასამართლო სხდომა 5 აპრილის ნაცვლად 5 მაისს გაიმართება.
იმ დროს, როდესაც დეკანოზი დააკავეს, გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გერმანიაში ასევე იმყოფებოდნენ პატრიარქთან დაახლოებული პირები, მათ შორის, თეთრუაშვილი.
თუ ვის მკვლელობა იგეგმებოდა, საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება მუსირებდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმის დეტალებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა და ამის გაკეთება დაცვის მხარესაც აუკრძალა.
მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის, ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ეკონტაქტება გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს და როგორ თხოვს მას ციანიდს.
პატიმრობაში მყოფი დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.