დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორედ დაკითხეს: ახალი დეტალები

გამოწერა
მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამომწურავი ჩვენება მისცა, რომელსაც პროკურორი აბსურდულად მიიჩნევს.

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებას აბსურდული უწოდა. მამალაძეს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკავების შემდეგ ჩვენება მეორედ მისცა. პირველი დაკითხვა 27 თებერვალს გაიმართა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: საქართველოს პროკურატურამ დეკანოზის დაკითხვა გააგრძელა

„დაკითხვის პროცესში ეს ადამიანი ცდილობდა სხვისთვის დაებრალებინა ყველაფერი და ამბობს, რომ პროვოკაცია მოაწყვეს მის წინააღმდეგ. იმდენად აბსურდულია მისი ჩვენება, როგორ შეიძლება ამის გამოქვეყნებაზე საუბრობდნენ ადვოკატები. თავიდან ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს, შემდეგ ახალი ვერსია შემოგვთავაზა, თითქოს ამ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას“, — განაცხადა წიკლაურმა.

მღვდელმსახურის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მამალაძემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.

„მამა გიორგიმ ყველა კითხვას უპასუხა. დაკითხვა დამთავრდა იმით, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას მეტი შეკითხვა აღარ აქვს. მამა გიორგი მამალაძემ თავიდან ბოლომდე მისცა ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, რომ რეალურად შეუდგეს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს“, — განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში აღმოაჩინეს ნატრიუმის ციანიდი, ხოლო ბინაში — ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება მისი ნათესავის, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურას გააჩნია მტკიცებულებები, რომ 27 დეკემბრიდან დეკანოზი ადამიანის მოწამვლის საკითხით დაინტერესდა და რომ ის ნამდვილად გეგმავდა თეთრუაშვილის მკვლელობას.

ამავე დროს გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ მამალაძე სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა.

ყველა ახალი ამბავი
0