თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლს გაამკაცრებს.
შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის. მემორანდუმის თანახმად, ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტებზე კონტროლი გამკაცრდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვებას სურსათის სააგენტოს კონტაქტებით, რათა საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაუკავშირდნენ შესაბამის განყოფილებას, რომელიც სანიტარული ნორმების დარღვევის გამოვლენით არის დაკავებული. ეს ბუკლეტები დარიგდება საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშია განთავსებული.
"მემორანდუმის მიზანია – სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ინტერესები. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააკონტროლებს, თუ რამდენადაა დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში", — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება და მათთვის მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარესტორნო ქსელი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ჩვენ მივაწვდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩამონათვალს, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად ტურისტებით დატვირთული და სწორედ იქ გააქტიურდება კონტროლი", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. წელს ექსპერტები ტურისტების რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.