რატომ არის უფრო მომგებიანი იმერული ყველის რძის ფხვნილით წარმოება და რას მივირთმევთ...

© Sputnik / Levan Avlabreliქართული ყველი
ქართული ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის მოსაზრება: თუ საქართველოში არ შეიქმნება დიდი მერძეული ძროხის ფერმები, იმერული ყველის წარმოება ნატურალური რძისგან არამომგებიანი იქნება.

საქართველოში ყველი ტრადიციულ საკვებს წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლად ვისაც კი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს (ძროხა, კამეჩი, ცხვარი, თხა), თითქმის ყველა აწარმოებს ყველს. თუმცა სურსათის უვნებლობის საკითხების გამკაცრებამ აუცილებელი გახადა ყველის საწარმოების გახსნა, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე სურსათის უვნებლობის წესებს და საერთაშორისო სტანდარტებს. 

საქართველოში ყველის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. იზრდება როგორც ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული ყველის მოცულობა, ასევე საწარმოების მიერ წარმოებული ყველის მოცულობა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან წარმოებაში ოჯახურ მეურნეობაში წარმოებული ყველის წილი ძალიან დიდია. მაგალითად, 2015 წელს მთლიანი ყველის წარმოებაში ოჯახურ მეურნეობაში წარმოებული ყველის წილმა 93% შეადგინა და მხოლოდ 7% იყო ქარხნების მიერ წარმოებული ყველის წილი. 

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ყველი
Грузинский сыр - Sputnik საქართველო
ქართული ყველი

2015 წელს ოჯახური მეურნეობებში წარმოებული ყველის მოცულობამ, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით მოიმატა და 63,8 ათასი ტონა შეადგინა. 

რაც შეეხება ყველის საწარმოებში წარმოებულ ყველს, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, წარმოების ზრდა 100%-ზე მეტი იყო და 4 708,4 ტონა შეადგინა. 2014 წელს საქართველოში ყველის საწარმოებმა სულ 2 282,7 ტონა აწარმოეს.

2015 წელს საქართველოში მთლიანი ყველის წარმოებამ 68,5 ათასი ტონა შეადგინა.

საქართველოში მთავარი პრობლემა რძის ნაკლებობაა. არ გვაქვს მერძეული ძროხების დიდი ფერმები. შესაბამისად, არ გვაქვს რძის სტაბილური მიწოდების არხები და სტაბილური ფასი.

© photo: courtesy of Ministry of Agriculture of Georgiaრძის გადამამუშავებელი საწარმო
რძის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო
რძის გადამამუშავებელი საწარმო

საწარმოების ძირითადი ნაწილი ყველს რძის ფხვნილისგან აკეთებს, რადგან ნატურალური რძისგან დამზადებული ყველის თვითღირებულება მაღალია.

ბაზარზე წლის განმავლობაში 1 ლ ნატურალური რძის ფასი 0,8-დან 1,2 ლარამდე მერყეობს. 1 კგ იმერული ყველის ამოსაყვანად საჭიროა 8-10 ლიტრი ნატურალური რძე (ზუსტი ლიტრაჟი დამოკიდებულია რძის ცხიმიანობაზე). 

ვთქვათ, 1 ლიტრი რძე ვიყიდეთ 1 ლარად და ამავდროულად ეს რძე საკმაოდ ცხიმიანია. 1 კგ ყველის ამოსაყვანად დაგვჭირდა 8 ლიტრი რძე. ასეთ შემთხვევაშიც კი ყველის თვითღირებულება 8 ლარს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი კონკურენციას ვერ გაუწევს ყველის მწარმოებლებს, რომლებიც რძის ფხვნილს მოიხმარენ, შესაბამისად, წარმოება ზარალიანი გახდება. 

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ მანამ, სანამ საქართველოში არ შეიქმნება დიდი მერძეული ძროხის ფერმები და რძე არ გაიაფდება, იმერული ყველის ნატურალური რძისგან წარმოება არამომგებიანი იქნება. 

© FB/KvirikashviliOfficialკომპანია Georgian Business Zone-ს კუთვნილი მეცხოველეობის ფერმა
კომპანია Georgian Business Zone-ს კუთვნილი მეცხოველეობის ფერმა  - Sputnik საქართველო
კომპანია Georgian Business Zone-ს კუთვნილი მეცხოველეობის ფერმა

რაც შეეხება იმერული ყველის საოჯახო წარმოებას და ამ მხრივ საქართველოს აგრარულ ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას, იგი იმდენად საინტერესო და მრავლისმომცველია, რომ გადავწყვიტეთ ამ თემას ცალკე სტატია მივუძღვნათ.  

 

ირაკლი ჩიქავა — კომპანია Agro Solutions-ის კომერციული დირექტორი

 

ყველა ახალი ამბავი
0