თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სტანდარტებისა და სანიტარული ნორმების დარღვევისთვის საქართველოში დააჯარიმეს 63 კომპანია, რომლებიც აწარმოებენ კვების პროდუქტებს, ახდენენ მათ რეალიზაციასა და მოხმარების ორგანიზებას.
კომპანიების იმ საერთო რაოდენობიდან, სადაც დარღვევები გამოავლინეს, 23 ობიექტი დაიხურა, აღნიშნულია საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სანიტარული ნორმები შეამოწმეს 226 კომპანიაში (თბილისში — 79). დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა 295 კომპანიაში (თბილისში — 112). მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვა სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტები.
ლაბორატორიული კვლევისთვის სპეციალისტებმა აიღეს 64 ნიმუში. შედეგები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
მონიტორინგი 15-21 მაისის შუალედში ჩატარდა.
მსგავსი სახელმწიფო შემოწმებები პერმანენტულად ტარდება. სპეციალისტები აფიქსირებენ ნაწლავური ინფექციების დაავადებების, ეპიდემიისა და სხვა იმ დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც გამოწვეულია კვების უხარისხო პროდუქტებით, კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევებს, გარემოს დაბინძურების, ასევე მომხმარებლის მოტყუების შემთხვევებს.