თბილისიდან ბაქოში: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ისტორია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ დგას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების უკან და როგორ მოხვდა ის აზერბაიჯანში, სადაც ის დააპატიმრეს, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციური აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავღან მუხთარლი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და რამდენიმე ხნის შემდეგ აზერბაიჯანში, ბაქოს ერთ-ერთ ციხეში აღმოჩნდა.

როგორც მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, ის თბილისში გაიტაცეს და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. ამ დროს მას თან არ ჰქონდა პასპორტი და გაუგებარი იყო, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი.

სამშობლოში მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდა ედება ბრალად.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეს საქართველოს შსს იძიებს

უგზო–უკვლოდ დაკარგული

მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მის მეუღლეზე, ლეილა მუსტაფაევაზე დაყრდნობით აზერბაიჯანულმა მასმედიამ სამშაბათს გაავრცელა. მოგვიანებით ლეილა მუსტაფაევამ თბილისში ქართული მედიისათვის პრესკონფერენცია მოაწყო და მისი გაუჩინარების დეტალებზე ისაუბრა.

უკანასკნელად ახლობლებმა მუხთარლი 29 მაისს საღამო ნახეს. იმ დროიდან მისი ტელეფონის ნომერი მიუწვდომელი იყო. ჟურნალისტის მეუღლემ და მეგობრებმა მომხდარში აზერბაიჯანის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

აზერბაიჯანული მედიის მონაცემებით, ავღან მუხთარლიმ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა ფოტორეპორტიორობით დაიწყო. ის ცნობილია თავისი კრიტიკული მასალებით აზერბაიჯანის ახლანდელი ხელისუფლების შესახებ. ის ასევე ცნობილია, როგორც სამოქალაქო აქტივისტი. დევნის საშიშროების გამო 2015 წელს ის საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა.

საქართველოში სოციალურ ქსელებში მუხთარლი აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციებს მართავდა.

როდესაც მუხთარლი გაუჩინარდა, მისი პასპორტი სახლში იყო.

"ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ის ჟურნალისტია და ისეთ საქმეებს იძიებდა, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს არ მოსწონს. ავღანის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, რადგან გამოდის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოში ყველაფრის გაკეთება შეუძლია", — განუცხადა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს.

მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ, ამ თვალთვალთან კავშირი აქვს კომპანია SOCAR-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.

პოლიციის დღის აღნიშვნა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: პოლიციელები – ჩვენი დროის გმირები არიან

"ბატონმა ავღანმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია მისი თვალთვალისა და საფრთხის შესახებ. როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, ამას აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ახორციელებდნენ. ასევე დაფიქსირდა SOCAR-ის უსაფრთხოების სამსახურიც", — განუცხადა ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს.

აღმოჩნდა ბაქოში

სანამ ახლობლები მუხთარლის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდნენ, ქართულმა მედიამ დაადგინა, რომ ის ბაქოს ერთ-ერთ ციხეში იმყოფება.

"ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობები აქვს. იხსენებს, რომ თბილისში სამი ადამიანი დაესხა თავს, მისი აზრით – ქართველები. თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ამბობს, რომ ისინი სპეზრაზმელები იყვნენ. შემდეგ ბაქოში გადაიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდა ბრალდება", – განაცხადა მუხთარლის ბაქოელმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საუბარია 10000 ევროზე.

საქმეს საქართველოს შსს იძიებს

მუხთარლის გაუჩინარების შესახებ განცხადებით საქართველოს შსს-ს მისმა მეუღლემ მიმართა. საქმე აღიძრა მუხლით "თავისუფლების უკანონო აღკვეთა", რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს-ში განაცხადეს, რომ პარალელურად აზერბაიჯანის სამართალდამცველებთან მუშაობენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

დაკავება - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში: გამომძალველები დააკავეს

"მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ყველაფერს დაადგენს გამოძიება", — აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

მეტი სიცხადე ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა შეიტანა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვარზე, სადაც პასპორტის წარდგენა საჭირო არ არის.

"შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე, ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს", — განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ ოთხშაბათს ქართული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებისგან მოითხოვეს, პასუხი გასცეს შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა მუხთარლი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში და მონაწილეობდა თუ არა ქართული სპეცსამსახურები ქვეყნიდან მის გაყვანაში.

პოზიციები

ქართული ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ ასევე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც განაცხადა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში გიულენთან კავშირში ბრალდებული დააკავეს

"ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას, საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელმწიფოში არის, ასევე, ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება პასუხი გაცემული კითხვაზე — რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული", — განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.

ქართული ხელისუფლებისგან პასუხს აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც ელიან.

"საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინციდენტზე ძალიან სწრაფი რეაქცია უნდა ჰქონოდათ. ავღანმა საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა. ჩვენ განმარტებებს ველით. როგორ უნდა გადაკვეთოს საზღვარი ადამიანმა პასპორტის გარეშე?", — განაცხადა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა სეიმურ ქაზიმოვმა "Sputnik-საქართველოს" ინტერვიუში.

მმართველი პარტია "ქართული ოცნებას" პარლამენტის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიების დასრულებას დაელოდება.

"გამოძიება სწორედ იმიტომ არის დაწყებული, რომ გაირკვეს, ეს ადამიანი საქართველოდან აზერბაიჯანში როგორ მოხვდა. პოლიტიკური ძალა შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც ეცოდინება, რა მოხდა. ნაადრევი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის", — განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით მომხდარ ისტორიაზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა.

"ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად გასააზრებელია. საქართველოს ტერიტორიიდან, დედაქალაქიდან ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა. ეს არის გამოწვევა, რომლის კონტექსტში სახელმწიფომ ერთდროულად საკუთარი პრესტიჟი და მოქალაქეები უნდა დაიცვას", — განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0