ორგანოების გადანერგვა: პაციენტების სიკვდილი და დირექტორის დაკავება

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს დერეფრანი
საავადმყოფოს დერეფრანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკა "ლანცეტის" პაციენტების გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. კლინიკა "ლანცეტში" პაციენტთა გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორ ფარმან ჯეირანლის დაცვის მხარის მიერ 100000 ლარის გირაოს გადახდის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის შესახებ აცხადებს.

„ბატონმა პროკურორმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ქვეყანას დავტოვებ. არსად წასვლას არ ვაპირებ — აქ 30 მილიონის ინვესტიციები განვახორციელე", — განაცხადა ჯეირანლიმ.

ბრალდებების აბსურდულობის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

„აბსურდია, როდესაც ადამიანმა 30 მილიონის ინვესტიცია განახორციელა და 40000 დოლარის მითვისების მიზნით ვიღაცა მოატყუა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა… ამ ექიმს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჰქონდა წარმატებით ჩატარებული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი", — განაცხადა ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
ორგანოების გადანერგვა თბილისში: დაკავებულია კლინიკის დირექტორი

ნიკოლაიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ საქმეში დაინტერესებული პირები არსებობენ და ამასთან დაკავშირებით მან „ლანცეტის" ყოფილი მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა და კიდევ ექიმი დიმიტრი გაბუნია ახსენა.

„ბრალდებულმა ისაუბრა ვიღაცების ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ეს მაფიაა და ყიდიან ავადმყოფებს. ამაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ის იგულისხმა, რომ როგორც, უკაცრავად და, საქონელს აგზავნიან, ისე იგზავნებიან კლიენტები და აქედან ვიღაცები მოგებას იღებენ. ანუ საქართველოში რომ არ გაკეთდეს ოპერაცია და ავადმყოფები სხვა ქვეყნებში წავიდნენ, არიან მიმღები პირები, ვინც ამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნისგან იღებენ პროცენტებს. მათ აქვთ დაინტერესება, რომ საქართველოში არ არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა", — განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

თავად კუზანოვას ამ ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. ცნობილია, რომ კლინიკაში ლეტალური შემთხვევების შემდეგ მან სამსახური მალევე დატოვა. მიზეზად კი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი დაასახელა.

„ჩემი შეხედულება თანამედროვე კლინიკაზე განსხვავდება მისი შეხედულებებისგან, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური. ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი, ამიტომ ბევრ რამეში საერთოდ არ მახედებდა. ეს მისი, როგორც მფლობელის ნება იყო. სამწუხაროდ, მე ხელს ვერ ვუშლიდი. მე ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?! მე მკითხეს, თუ როგორი სპეციალისტი იყო ქირურგი და, ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყოდი", — განაცხადა ნინო კუზანოვამ.

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში კანის კიბოსთან ბრძოლის ფარგლებში უფასო კვლევებს ჩაატარებენ

თუმცა, დაღუპულთა ოჯახის წევრები კუზანოვას პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებენ.

კლინიკის ახალმა დირექტორმა დიმიტრი შავდიამ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულება გამოძიებასთან თანამშრომლობს, ხოლო ყველა თანამშრომელი, ვინც აღნიშნული ოპერაციების ორგანიზაციაში და ჩატარებაში იყო ჩართული, სამსახურიდან დათხოვილია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილით ("დიდი ოდენობით თაღლითობა") და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით ("სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული სხვა მონაწილეების გამოვლენის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0