ორგანოების გადანერგვა თბილისში: დაკავებულია კლინიკის დირექტორი

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი დაკავებულია ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებული მაქინაციების გამო.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. 2016 წლის მარტში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია თბილისში მდებარე კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ კლინიკის დირექტორმა 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში.

ამის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით, გაავრცელა განცხადებები, თითქოს შპს "ლანცეტში" თურქეთიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია - Sputnik საქართველო
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია საქართველოში წარმატებით კეთდება

2016 წლის თებერვალში კლინიკას კონსულტაციის მიზნით საქართველოს ორმა მოქალაქემ მიაკითხა. კლინიკაში პაციენტებს განუცხადეს, რომ მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ ღვიძლის გადანერგვა და კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

ერთ-ერთმა პაციენტმა კლინიკის დირექტორს ოპერაციის საფასურის სახით 99204 ლარი გადაუხადა, ხოლო მეორე პაციენტის შემთხვევაში გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისად, პაციენტს 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

"ოპერაციის ჩატარებამდე შპს "ლანცეტის" დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ერთი ოპერაცია 2016 წლის 3 მარტს, ხოლო მეორე — იმავე წლის 8 მარტს კლინიკა "ლანცეტში" ჩატარდა. ორივე პაციენტი ოპერაციიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილით ("დიდი ოდენობით თაღლითობა") და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით ("სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული სხვა მონაწილეების გამოვლენის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0