თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობები მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა, განაცხადა ბათუმში პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა.
ფიქრი იშიკმა, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ლევან იზორიამ და ზაკირ ჰასანოვმა სამშაბათს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას.
„სამივე ქვეყანა ენერგოსატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. ამაზე მეტყველებს დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი წარმატებით ვითარდება და სამომავლოდ შეგვიძლია აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ახალი პროექტები განვავითაროთ", — განაცხადა იშიკმა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნები ახალ პროექტებს მინისტერიალის ფარგლებში განავითარებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას სამი ქვეყნის სამხედრო ძალების მონაწილეობით მომავალი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4-14 ივნისს თურქეთში სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალების მონაწილეობით თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები Caucasus Eagle ჩატარდება. სექტემბერში კი ასევე სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით საშტაბო კომპიუტერული სწავლებები ჩატარდება.
„მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, თუ როგორ უნდა ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე, რათა ჩვენ რეგიონში გლობალური პროექტები განხორციელდეს", — განაცხადა იზორიამ.
სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, აღნიშნა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
„რეგიონული თანამშრომლობის განხილვისას შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კი ერთობლივი სწავლებები და წვრთნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს ჩვენი ქვეყნების განვითარებას შეუწყობს", — განაცხადა ზაკირ ჰასანოვმა.
პრესკონფერენციაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა მანჩესტერში ორშაბათ საღამოს მომხდარი ტერაქტი დაგმეს, რომელმაც, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა.
თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2014 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვითი უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.
მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. სამი მინისტრის წინა შეხვედრა გასული წლის მაისში აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაიმართა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა.
ბათუმის შეხვედრა სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მეხუთეა. საქართველოში მინისტერიალი მეორედ ტარდება.