სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები ერთმანეთს პირველად 2017 წელს შეხვდებიან

© FB / Министерство обороны Грузииლევან იზორია, ზაკირ ჰასანოვი, ფიქრი იშიკი
ლევან იზორია, ზაკირ ჰასანოვი, ფიქრი იშიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსები სამმხრივ შეხვედრას მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართავენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს ბათუმში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების — ლევან იზორიას, ზაკირ ჰასანოვისა და ფიქრი იშიკის შეხვედრაზე.

"თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაც განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პირველად გაიმართება და მას საქართველო უმასპინძლებს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სამივე ქვეყნის პირველ სამხედრო პირებს შორის დაწყებული ფორმატი პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ზაქირ ჰასანოვი და ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თბილისი და ბაქო სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებენ

შეხვედრაზე მინისტრებმა დაგეგმილი სამმხრივი სწავლებების საკითხიც მიმოიხილეს. სწავლებების ჩატარების ზუსტი თარიღები და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ქართული მასმედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4-14 ივნისს თურქეთში სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალების მონაწილეობით თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები Caucasus Eagle ჩატარდება. სექტემბერში ასევე სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით საშტაბო კომპიუტერული სწავლებები ჩატარდება.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მონაცემებით, უწყება თურქეთისф და აზერბაიჯანის სამხედროებს კვლავ სთავაზობს მიიღონ მონაწილეობა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სწავლებებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას.

მხარეები ასევე აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სამხედრო სწავლებები - Sputnik საქართველო
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი 2017 წელს რამდენიმე სამხედრო წვრთნას გამართავენ

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2014 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვითი უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.

მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. სამი მინისტრის წინა შეხვედრა გასული წლის მაისში აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაიმართა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა.

ბათუმის შეხვედრა სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მეხუთეა. საქართველოში მინისტერიალი მეორედ ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0