საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი 2017 წელს რამდენიმე სამხედრო წვრთნას გამართავენ

გამოწერა
უახლოეს პერიოდში სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი მიმდინარე წლის ივნისსა და სექტემბერში ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარებას გეგმავენ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანელ კოლეგა ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰასანოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. სამშაბათს იზორია, ჰასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიკი ბათუმში სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ.

„მინდა ვთქვა, რომ ამ თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია. წელს ჩვენ გვექნება ერთობლივი წვრთნები. სულ რაღაც ორ კვირაში სპეციალური ოპერატიული ძალები, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანისა და თურქეთის, ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. სექტემბერში ასევე საშტაბო კომპიუტერული სწავლებები გვექნება", — განაცხადა იზორიამ.

ზაქირ ჰასანოვი და ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თბილისი და ბაქო სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებენ

სწავლებების ჩატარების ზუსტი თარიღები და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ქართული მასმედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4-14 ივნისს თურქეთში სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალების მონაწილეობით თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები Caucasus Eagle ჩატარდება.

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2014 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვითი უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.

მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

სამი მინისტრის ბოლო შეხვედრა გასული წლის მაისში აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაიმართა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0