„საუკეთესო“ ხუთეული, TOP–10-ის გეოგრაფია და სავალალო არითმეტიკა

© Facebook / Bank of Georgiaსაქართველოს ბანკის მთავარი ოფისი
საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომერციული ბანკების ახალი "სიმაღლეები"... ვინ რა მწვერვალს იპყრობს... როგორ მდიდრდებიან ბანკირები და სად გადის ზღვარი... მეგობრული და საქმიანი რჩევები... "ლიდერის" პოზიციები შინ და გარეთ...

მკითხველო, მოგეხსენება, ნათქვამია, რომ ფულს დათვლა უყვარს და მეც თამამად შევუდგები თვლას… ამჯერად დავითვლით თქვენი თანდასწრებით. ვითვლი სხვისას, საკუთარს ხომ ყოველთვის მოვასწრებ, მთავარია, დასათვლელი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ!..

საბანკო სექტორის შემოსავლები წლიდან წლამდე იმატებს, იზრდება მოგებაც და ეს, ნუ გაგიკვირდებათ, მიუხედავად იმისა, როგორია ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება… ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 1,472,415,000 ლარი, ხოლო ხარჯებმა 1,146,836,000 ლარი შეადგინა. მარტივი არითმეტიკული გათვლებით ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ, არც მეტი და არც ნაკლები, 295,356,000 ლარი შეადგინა. დავძენ, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 114,896,000 ლარით აღემატება. ბევრია თუ ცოტა? ვისთვის როგორ…

საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მედია: ქართული ბანკები მსოფლიოში ყველაზე მომგებიან ბანკებს შორისაა

ფაქტია, უკვე დიდი ხანია არავინ კამათობს, რომ ჩვენში ყველაზე სარფიანი სწორედ საბანკო საქმიანობაა, ციფრებიც ამაზე მეტყველებს. შესაძლოა მკითხველისთვის მოულოდნელიც იყოს, როცა ვიტყვი, რომ სათვლელ-საანგარიშო პერიოდის პირველ სამ თვეში კომერციულმა ბანკებმა შემოსავლების დიდი ნაწილი საურავებიდან და კლიენტებზე გაცემული სესხებიდან ჯარიმის სახით მიიღეს. კერძოდ – 20,935,179 ლარი. ვნახოთ ეს კონკრეტული თანხა როგორ ნაწილდება ცალკეულ სტრუქტურებზე. კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო — 7,234,290 ლარი. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 4,542,827 ლარით, რასაც „ბანკი რესპუბლიკის“ მაჩვენებელს თუ მივუმატებთ, მივიღებთ 6,931,629 ლარს (ცალკე „ბანკმა რესპუბლიკამ“ საურავებიდან და კლიენტებზე გაცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2,388,802 ლარი მიიღო). მესამე და ალბათ საპატიო ადგილზეა „საქართველოს ბანკი“, მან საურავებიდან და ჯარიმის სახით 2,670,595 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე პოზიცია „ქართუ ბანკს“ უკავია 1,227,505 ლარით. ხოლო ტოპ–ხუთეულში ბოლო ადგილზეა „კრედო“ 983 486 ლარის შემოსავლით…

ლარისა და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ღრუბლებს მიღმა დარია... ანუ ლარის საგაზაფხულო არდადეგები...

შესაძლოა მკითხველი ციფრებით დავღალე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, მოგეხსენებათ, დათვლას სიზუსტე უყვარს. ერთი სიტყვით, ისე, როგორც ყველა სხვა მრავალ საქმეში, აქაც არის ლიდერი და აუტსაიდერი, თუმცა საინტერესოა, რამდენად ლოგიკურია დაკავებული პოზიციები.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი: „დიახ, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების, საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. ეს მონაცემები საქართველოში ბანკების ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს. ძალზე საინტერესოა, რომ ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო, თანაც ეს მაშინ, როდესაც ბაზარზე ოპერირებენ „საქართველოს ბანკი" და „თიბისი ბანკი“, რომელთა გაცემული კრედიტების რაოდენობა ბევრად აღემატება „ლიბერთი ბანკისას“. მაგალითად, ხშირად ბანკებს ვადაგადაცილებულ სესხებზე ფიქსირებული საურავები აქვთ დადგენილი, რაც ზოგჯერ კრედიტის ყოველთვიური შენატანის 20-30%-ს შეადგენს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, კომერციული ბანკები ჯარიმებიდან და საურავებიდან ყოველწლიურად საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ…“

დაკარგული წონასწორობა - Sputnik საქართველო
ეძიებდეს და ჰპოვებდეს, ანუ დაკარგული წონასწორობა...

ეკონომისტი არ გახლავართ, შორს ვარ ფინანსებისგან, მაგრამ პროფესია მავალდებულებს მეტ-ნაკლებად ყველაფერში ვერკვეოდე. გამონაკლისი არც საბანკო საქმიანობაა. ჩემი ყურადღება იმ გარემოებამ მიიქცია, რომ საურავებიდან და კლიენტებზე გაცემული სესხებიდან ჯარიმების სახით მიღებული შემოსავლების მაჩვენებლით „ლიდერთა ხუთეულის“ მიღმა აღმოჩნდნენ საბანკო სექტორის აქტიური მოთამაშეები „პროკრედიტ ბანკი“, „ბაზის ბანკი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“… კარგია ეს თუ ცუდი? და კვლავაც, გააჩნია ვისთვის როგორ. მკითხველმა განსაჯოს თავად. ამასობაში მე გახარებთ და გეტყვით, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიოს ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაცია გვაწვდის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ბოლო განახლებულ ანგარიშში.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა: „საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ. კომერციული ბანკების ROA-ს და ROE-ს მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ორიენტირებულია ძირითადად მოკლევადიან, მაღალმარჟიან, სამომხმარებლო, სავაჭრო დანიშნულების სესხებზე. ამდენად უყურადღებოდაა დატოვებული წარმოების რეალური სექტორი, რომელიც ზოგადად გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს…“

ლარი - Sputnik საქართველო
ლარი გარბის, ყველაფერი რიგზეა!..

ფრანკფურტის ფინანსების სკოლის კვლევისა და სავალუტო ფონდის ოფიციალური ანგარიშით ირკვევა, რომ ჩვენში ეკონომიკური განვითარების არსებითი შემაფერხებელი ფაქტორი საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტებაა. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ, სწორედ ამ სახის დაკრედიტების ზოგადად შეზღუდვა და მათი მომსახურების შემოსავალთან ლიმიტის დაწესებაა. ეს დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა: „აუცილებელია მონეტარული და ფისკალური ღონისძიებების გატარება. სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუვით, რეფინანსირების ზოგადი განაკვეთის მატებით და წარმოებაზე ორიენტირებული სპეციალური ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზის გახსნით შესაძლებელია ინფლაციის და ფულის მასის ჭარბი ზრდის გარეშე სტიმული მიეცეს ადგილობრივ წარმოებას. გრძელვადიანი ეფექტი რომ მივიღოთ, ასევე აუცილებელია არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების განვითარება. კერძოდ, ქვეყანაში საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება და სადაზღვევო სისტემის გაძლიერება. ჯანდაცვისა და ქონების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. ასევე ე.წ. მესამე პირის დაზღვევის შემოღება ავტომობილებისთვის. ეს ხელს შეუწყობს საპენსიო, სადაზღვევო ფონდებში წელიწადში ასეულობით მილიონი ლარის მობილიზებას გრძელვადიანი სტაბილური შიდა ინვესტიციების უზრუნველსაყოყოფად…“

შეისმენს თუ არა მავანი რეკომენდაციებს, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გვახსოვდეს, რომ ჩვენი საბანკო სექტორის შიდა თუ გარე „წარმატებებში“ თავად მიგვიძღვის ლომის წილი…

ყველა ახალი ამბავი
0