თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება, რომლის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები — დათვები და მგლები არიან, იუწყება ზოოპარკის ადმინისტრაცია.
ზოოლოგიური პარკი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. აქ გისოსების ნაცვლად თხრილები და წყლის ბარიერი იქნება. ზოოპარკში სტუმრებს მრავალფეროვანი სიახლეები ელოდებათ.
ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. პირველი ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია და იგი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები — დათვები და მგლები არიან. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვოლიერი 13:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
„დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში — დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას“, — აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში უკვე იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, თბილისის მერიის განმარტებით, ტერიტორია მთლიანად შეინარჩუნებს რეკრეაციულ ფუნქციას.
თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ადგილზე აშენებულიყო.
წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში სხვადასხვა ცხოველებს დღემდე აგზავნიან.