ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა საპატრიარქოს კითხვები გაუჩინა

© courtesy of Telasiსარემონტო სამუშაოები ელექტროგადამცემ ხაზებზე
სარემონტო სამუშაოები ელექტროგადამცემ ხაზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება უნდა აღმოიფხვრას.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრისაკენ მოუწოდებს.

500 კილოვატის სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი მცხეთა-მთიანეთში, ქვესადგურ „ქსანიდან" სტეფანწმინდას მიმართულებით უნდა გაიყვანონ. ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და რეგიონს დიდ ზიანს მოუტანს. გასულ კვირაში ხანდოს ხეობაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევის გამო დააკავეს.

„მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგვაცნო. ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა", — ნათქვამია განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციაზე მუშტებით: ხანდოს ხეობელები ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

ოჯახური ტურიზმი მთაში — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ სფეროზე ნეგატიურად აისახება, მიიჩნევენ საპატრიარქოში.

„უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ… გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან ერთად, საპატრიარქოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების აღმოფხვრის შესახებ საუბრობენ.

„რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ხადას ხეობა - Sputnik საქართველო
ხადას ისე ვერ დადგები, სალოცავს ზურგი არ აქციო...

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციას ხანდოს ხეობის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, როდესაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისას, მათი წინაპრებისა და ნათესავების საფლავები ნადგურდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ „დესტრუქციული ძალები" ცდილობენ ეს თემა „საკუთარი ბოროტი ზრახვებისათვის" გამოიყენონ.

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს „ენერგოტრანსი" — სააქციო საზოგადოება, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" შვილობილი კომპანია. მშენებლობის მიზანია ამ რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ერთიან ენერგოსისტემაში ინტეგრირება და რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლის გაუმჯობესება.

2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომელიც მთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება.

კანონის თანახმად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის დახმარებას იღებენ. მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში, დახმარების მოცულობა ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირები გათავისუფლებული არიან საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან, მეწარმეები კი — ქონებისა და მოგების გადასახადისგან. გარდა ამისა, სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის 50%-ს უნაზღაურებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0