ხადას ისე ვერ დადგები, სალოცავს ზურგი არ აქციო...

გამოწერა

„ნასოფლარი ბევრი მინახავს, განსაკუთრებით მთაში. დავმჯდარვარ რომელიმე სახლის ჩამოტეხილ თავიხეზე და სიჩუმესათვის მომისმენია. თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინცა მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო მოლოდინის…სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარებად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას“ — გოდერძი ჩოხელი.

ამბობენ, მიტოვებული სოფელი ოხრავს და ავად ხდებაო. ჩვენს რეალობაში არა ერთი სოფელია დაცლილი და განადგურებული. სოფელს — ქვეყნის მარჩენალს, ბოქლომი ადევს, ეზო-კარმიდამო ჭინჭრითა და ანწლით გადაბურულა, ბევრგან ნაყარი, ნავენახარი, ნასახლარი და ნასოფლარია. მამული ისე გვიქრება თვალსა და ხელს შუა, ისე პატარავდება, გააზრებასაც კი ვერ ვასწრებთ…

ამჯერად თქვენს ყურადღებას საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს — ხადას ხეობას მივაპყრობთ.

© photo: courtesy of Khada / FBდასახლება ხადას ხეობაში
დასახლება ხადას ხეობაში - Sputnik საქართველო
დასახლება ხადას ხეობაში

ამ ხეობის ნახევრად ალპური ზონაში განლაგებული სოფლების ისტორია, ულამაზესი ხედებით, ნეოლითის ხანიდან იწყება. შუა საუკუნეებში ხადას ხეობა არაგვის საერისთავოს შემადგნელობაში შედიოდა. ვახუშტი ბაგრატიონის წყაროებში მოხსენებულია, როგორც „ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი“. იგივეს ამბობს ხალხური ლექსიც:„არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი,ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“. ხეობის მთებზე შეფენილ სოფლებს უცნაური და რთულად წარმოსათქმელი სახელები ჰქვია: ბენიათბეგონი, როსტიანი, მუღურე, იუხო, წკერე…

© photo: courtesy of Khada / FBხადის ხეობა
ხადის ხეობა - Sputnik საქართველო
ხადის ხეობა

ხეობა ერთხელ გატეხეს მონღოლთა შემოსევის დროს, ისიც 60-დან 25 კოშკი აიღეს მხოლოდ… ხადა მონღოლთა დამსჯელი რაზმის თარეშის ობიექტი გამხდარა, რადგან იქ, მეფე დავით ულუ იყო გამაგრებული. სწორედ ხადიდან დალაშქრა და ჩაახშო თამარ მეფემ დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება მხარგძელის მეთაურობით… კრწანისში დამარცხებული მეფე ერეკლეც ხადაში მიუყვანიათ, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო. ამბობენ, რომ ხადის ხეობის ყველა კოშკში დღემდე სიწმინდეები ინახება. მათში შესვლა, მხოლოდ სახატო დღესასწაულებზე და ისიც, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც დასახლებული უბნებისაგან ყველაზე შორს და მაღლა მდებარეობს, ადრე ოქროს ყოჩები ბალახობდნენ და სწორედ ეს ოქროს ყოჩები იცავდნენ ხეობას ყოველივე ბოროტისაგან.

© photo: courtesy of Zura Beniaidzeხადა 100 წლის წინ
ხადა 100 წლის წინ - Sputnik საქართველო
ხადა 100 წლის წინ

ხეობაში გაბნეულ პატარა სოფლებში, ზოგან მხოლოდ სამი-ოთხი კომლიღა ცხოვრობს. დასახლებები ხეობის ბუნებრივ მყუდროებას არ არღვევენ და უცხოთათვის საკვირველი სიმშვიდით არიან მოცულნი. შუა ზამთარში ხეობა თოვლით იკეტება და იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ზაფხულში კი, ტურისტებისთვის ხადის ხეობა დაუვიწყარი თავგადასავალია. ასეთ ისტორიას ინახავს დღეს უკვე ცარიელი და მარტოდ დარჩენილი ხადა…

ახალგაზრდა პოეტი, ზურა ბენიაიძე წარმოშობით ხადიდანაა, დღეს კი დედაქალაქში ცხოვრობს. ზურა  სიხარულით, ამასთან დიდი სევდით დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

© FB/ Zura Beniaidzeზურა ბენიაიძე
ზურა ბენიაიძე - Sputnik საქართველო
ზურა ბენიაიძე

-როგორც ვიცით, თქვენ ამ კუთხიდან ბრძანდებით და პერიოდულად მოდიხართ ხოლმე სოფელში?

— დიახ, ასეა. ყოველთვის ზედმეტი სიწყნარე და სევდაა ჩემს სოფელში, რაზეც გული ძალიან მწყდება. გაზაფხულზე კვირაში რამდენჯერმე  ვსტუმრობ, როცა განტვირთვას, განმარტოებას მთხოვს გუნება. ზაფხულობით სულ იქ ვარ. სამი კლასი სოფელ ხადაში ვისწავლე, შემდეგ მეც სხვა სოფელში გადმოვედი სასწავლებლად. დღეს აღარც სკოლა და აღარც არანაირი განათლების საშუალება არაა, რომ ბავშვებმა ცოდნა მიიღონ. დღესდღეობით 12 სოფელში, 6 ოჯახიღა რჩება ზამთარში. ასაკიანი ხალხია, დიდი გაჭირვებით გადააქვთ ზამთარი და თავისი სახსრებით უმკლავდებიან დიდთოვლობას. გაზაფხულზე ისევ ახმაურდება ხეობა, ჩამოდიან ახალგაზრდებიც და ცოტა ხალისი ეძლევა სოფელს.

შუა ხეობაში დიდი ვულკანი გვაქვს გაქვავებული, რომლის ასაკიც არავინ იცის და მის ძირიდან ბუნებრივი გაზიანი სასმელი წყალი ამოდის, რომელიც ბევრ დააავადებს კურნავს. „ვეძას წყალს“ ვეძახით. წლების წინ ამ ვულკანის თავზე ეკლესია იდგა, რომელიც გადმოცემის თანახმად, ოსებმა დააანგრიეს და მოიპარეს ხატი. ეხლა მხოლოდ კედლების ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ბევრი სალოცავია ხადაში და ბევრ დღეობას აღვნიშნავთ. ასეთი ნათქვამია: „ხადას ვერ დადგები ისე, რომ სალოცავს ზურგი არ აქციო“-ო.

ხადაში გვაქვს ტაძარი, რომელიც დაახლოებით მეთორმეტე საუკუნისაა და რომელიც კომუნისტებმა გააუქმეს. ტაძარი შეთეთრებულია და მიღებული აქვს რუსული ეკლესიის ელფერი. საუკუნეების წინ მოქმედ ტაძარში, ყველა ხადელი და არა მარტო ხადელი ამოდიოდა და იწერდა ჯვარს. გული მტკივა იმაზე, რომ სადაც ჩვენ მეფეებს ულოციათ, ის ტაძარი არ უნდა იყოს უმოქმედო. ამის ერთ-ერთ მიზეზი სოფელის დაცალაა. არ არის მადლი სოფელში წირვა-ლოცვის ჩატარების და შესაბამისად ვერც უფალს ვერ ვთხოვთ თამამად რაიმეს.

-ზურა, ამბობენ ამ ტაძართან დაკავშირებით დიდი სასწაულები ხდებაო…

— ჩვეულებრივად ვხედავდი როგორ ამოდიოდა დიდი ცეცხლის ბურთი ტაძრიდან და სხვა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარ სალოცავში ჩადიოდა. შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ეს არც არავის უკვირდა. რომ გეკითხა, რა არისო — ყველა ერთ პასუხს გცემდა, რომ სალოცავები სტუმრობდნენ ერთმანეთს. ბოლო პერიოდში აღარ მინახავს მსგავსი რამ და სულ ვფიქრობ, ალბათ დავკარგეთ რწმენა და იმიტომ. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ მე გეუბნებით ჩემი თვალით მაქვს ბავშვობაში ნანახი. სულ ბოლოს, რამდენიმე წლის წინ იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ სხვა სახელით მონათლეს და სხვა პლანეტიდან მოსულებს მიაწერეს… ყოველთვის იყო ჩემი სოფელი ამ მხრივ იდუმალი — როგორც წმინდანისგან მოვლენილი სასწაულები, ასევე უწმინდურებისგანაც — მოჩვენებებსაც ხედავდნენ ცოცხლად ადგილობრივები. დღეს კი ტაძარი დანგრევის პირას არის და სასწრაფოდ რესტავრაცია სჭირდება.

© FB/ Zura Beniaidzeზურა ბენიაიძე
ზურა ბენიაიძე - Sputnik საქართველო
ზურა ბენიაიძე

-არა ერთი ლეგენდა თუ გადმოცემა არსებობს თქვენს ხეობასთან დაკავშირებით…

არსებობს ასეთი ლეგენდა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი სალოცავი ფრინველის სახით იყო და ბინადრობდა ხატის ტყეში.  ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ხედავდნენ. ერთხელაც მონადირემ ესროლა თოფი და დაჭრა. სახლში მისულს, თოფი თურმე ვერ ჩამოუკიდია კედელზე, სულ უვარდებოდა ძირს. სახლში მოხუცი პაპა ჰყავდა, რომელსაც ეჭვის თვალით უკითხავს: „რა ქენი შვილო, ვერაფერი მოკალიო? არა, ვერაფერი და ხატის ტყეში რომ გამოვიარე, ძალიან ლამაზი ფრინველი დავინახე და ვესროლეო. პაპა მაშინვე მიმხვდარა რაზეც საუბრობდა მონადირე და უთქვამს: ცუდად გვაქვს საქმე, ხატისათვის გისვრიაო. იმ ღამეს მთელი გვარი გაწყდა. გველი ჩაეხარშათ საჭმელ რძეში და ერთი ორსული ქალიღა დარჩათ, რომელმაც არ ჭამა ის რძე და იმისგან გამრავლდა შემდეგ ის გვარი. იმათი სოფელი კი, სულ დანგრეულა და აღარავინ ცხოვროს ახლა იმ ადგილას.

© photo: courtesy of Khada / FBხადა ზამთარში
ხადა ზამთარში - Sputnik საქართველო
ხადა ზამთარში

-დღეს ვინმე ცხოვრობს მუდმივად ხადაში?

მე მაქვს ერთი მოხუცის ფოტო, ჩვენი ლადო პაპასი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. თავის დღე და მოსწრება არსად წასულა. ის და თავის მეუღლე და ყოველთვის ამაგრებდნენ ხადას.

-დიდი მადლობა ზურა საინტერესო საუბრისათვის.

— პირიქით მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩვენი სოფლის გასაჭირით.

საუბრის დასასრულს კი, ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ.  რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შვხვდით მის უწმინდესობას. უწმიდესმა ძალიან თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და დამშვიდობებისას  დახმარებას დაგვპირდა.  ასეც მოხდა. მან მამა ანდრია ჯაღმაიძესა სთხოვა ამოსვლა, რომ ენახა თუ რა პირობებია სოფელში. მამაოც დაუყონებლივ ამოვიდა და თავისი თვალით ნახა ყველაფერი.

© photo: courtesy of Khada / FBეკლესია ხადის ხეობაში
ეკლესია ხადის ხეობაში - Sputnik საქართველო
ეკლესია ხადის ხეობაში

ზურასთან  საუბრის შემდეგ, დაუკავშირდით კიკეთის ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

-მამაო, როგორც გავიგეთ მისი უწმინდესობის თაოსნობით და ინიციატივით, თქვენ ეხმარებით ხადის მოსახლეობას…

— დიახ, მისმა უწმინდესობამ დამავალა, რომ სათავეში ჩავდგომოდი ტაძრის აღმშენებლობის საქმეს. მან დიდი სიყვარულით მიიღო ხადიდან ჩამოსული, მცირერიცხოვანი დელეგაცია, რომლმაც უწმინდესს მხარდაჭერა და მსახურების აღდგენა სთხოვა ტაძარში. უწმინდესმა გვითხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ, ეს დიდი მონდომება ამ ხალხისა, რეალურ შედეგამდე მივიყვანოთ. ძალიან მნიშვნელოვანი კერებია, რომლებიც დღესდღეობით მიტოვებულია. ვფიქრობთ, რომ პირველ პროექტს, „ერთად გადავარჩინოთ ხადა“, შემდგომში მოყვება — ერთად გადავარჩინოთ მუცო, გადავარჩინოთ გუდამაყარი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ სიკეთე გადამდებია თუ კი ერთხელ გამოგვივა ეს ყველაფერი, შემდგომშიც გაამართლებს. ამ კუთხის ხალხი პატრიოტულადაა განწყობილი არამარტო  ხადის, არამედ ამ ხეობის მიმართაც.  ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ხალხი არ მივატოვოთ.

© photo: courtesy of Khada / FBჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
ჩანჩქერი

სტატიის  დასასრულს კი, გთავაზობთ ზურა ბენიანიძის  დაწერილ ლექსს ხადაზე:

დაღონებულხარ ხადაო

რაც არ გიხდება ძალზედა

თვითონვე ჭირად მოელი

ფიფქის ჩამოყრას მთაზედა

იცი, რომ მარტო დარჩები

მიგატოვებენ შვილები

თოვლი აქ ყველას აშინებს

თუ გზებს შაუკრა პირები

ხანია შემოდგომისა,

მაგიტომ დაიბღვირები,

მაგიტომ იხვევ ნისლებსა

არ დაჩნდეს თოვლის ღილები.

მაოწყენ მარტო დარჩები

გაგითეთრდება თმებია,

ზამთარმა სულ ეგრე იცის

ზოვს შამაიბერტყს მთებია

ცოტას ნადირი გაგართობს

შამოგყმუვლებენ მგლებია

დარდობენ ცხორის წასვლასა

მშივრები იარებიან.

გაზაფხულიც ხომ დადგება,

ფიფქები რომ გაქვრებიან,

შაიმოსები მწვანედა

ხევები ამღერდებიან.

დაგიბრუნდება ხალისი,

შვილებიც დაბრუნდებიან

იბრუნებ ძველსა იერსა

მინდორნი გაჰყვავდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0