თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ცნობილ ნორვეგიელ მწერლებს როსკვა კორიცინსკის, სიგბიორნ მოსტუეს, სიმენ ეკერნის და ნილს ჰენრიკ სმითს უმასპინძლებს.
წიგნის ფესტივალი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მეცხრამეტედ ტარდება, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება. ფესტივალის მონაწილეები იქნებიან ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, უნივერსიტეტები, საელჩოები, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები.
ფესტივალი თავის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ლიტერატურულ ღონისძიებებს, ახალი გამოცემების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, დისკუსიებს, წიგნის საჯარო კითხვას, სემინარებს და სხვა.
ღონისძიების დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება, დასწრება თავისუფალია.
ლიტერატურის ნორჩ მოყვარულთათვის ფესტივალზე ტრადიციულად მოეწყობა სპეციალური საბავშვო კუთხე, სადაც სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.
ფესტივალზე ფოკუს-ქვეყანა ნორვეგია იქნება, ხოლო ნორვეგიულ მწერლებთან შეხვედრას ყველა მსურველი შეძლებს.
სიმენ ეკერნი — ჟურნალისტი და სამეცნიერო ლიტერატურის ავტორია. ბევრს წერს იტალიაზე, იტალიურ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. სიგბიორნ მოსტუეს ბიბლიოგრაფია 15 წიგნს ითვლის, რომელთა უმეტესობა ბავშვებს ეძღვნება.
როსკვა კორიცინსკის დებიუტი ლიტერატურაში 2013 წელს შედგა, როდესაც გამოიცა ავტორის მოთხრობათა კრებული „სადღაც აქ", რომელმაც მწერალს სამშობლოში უამრავი ჯილდო მოუტანა. 2015 წელს გამოიცა მისი სადებიუტო რომანი „ცეცხლი და წყვდიადი". კორიცინსკის ანთროპოლოგიის დარგში ბაკალავრის ხარისხი გააჩნია.
ნილს ჰენრიკის ლიტერატურული დებიუტი 2007 წელს შედგა, როდესაც მან გამოსცა რომანი „მანჰეტენის ჰორიზონტი", რომელსაც ნორვეგიელი პოეტისა და ნოველისტის ტარჯეი ვესასის სახელობის პრემია მიენიჭა. სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, დაკავებულია ფეხბურთის სიახლეების მიმოხილვებით.
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და თბილისის მერია.