თბილისი, 15 მაისი — Sputnik. XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დღეები ახალციხიდან დაიწყება.
ღონისძიებები 15 და 16 მაისს გაიმართება. ის რაბათის ციხის ტერიტორიიდან უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის" სტროფების გადაწერით დაიწყება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
„პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია — მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი" საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს", — აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პოემის სტროფების გადაწერაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა. გადაწერის პროცესი დასრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის წინ.
რუსთაველის დღეების ფარგლებში ახალციხეში გაიმართება „ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია სხვადასხვა ენაზე, ქეთი მატაბელის, მისი მოსწავლეებისა და ფოტომხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გარდა ამისა, დაგეგმილია „ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები თემაზე — რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოჩენილი ქართველი რუსთველოლოგების — ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ნესტან სულავას, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ფონდის თავმჯდომარეების — მაყვალა გონაშვილისა და ავთანდილ ბერიძის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან; შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართება სემინარი და ინტერაქციის რეჟიმში შედგება დიალოგი მკითხველთან.
რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხეში პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.