თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ისრაელში ერთი კვირის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მხატვარ ქეთევან მატაბელის გამოფენა, რომელზეც მხატვარმა „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა. მოგვიანებით კი საქართველოს საგუნდო კაპელამ ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკასთან ქართული საგალობლები შეასრულა.
გარდა ამისა, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო კაპელის მონაწილეობით ისრაელის თეატრში პოეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც ებრაელმა მაესტრომ ამოს ტალმონიმ უდირიჟორა.
„ყველაზე ამაღელვებელი იყო ქართული საგალობლის მოსმენა ამ დიდებულ ტაძარში, შოთა რუსთაველის ფრესკასთან“, — განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ.
ქართული დელეგაცია ისრაელში კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს მიტროპოლიტი ისიხოისი ესწრებოდა.
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა.