თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შოთა რუსთაველის დღის დაწესების შესახებ ისაუბრა.
წელს XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწისა და პოეტის შოთა რუსთაველის (1160-1166-1216) 850 წლის იუბილეა, რომლის კალამსაც ეკუთვნის ქრესტომათიული ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
„კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა გახდებოდა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა თხოვნით მიმართა როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ისე განათლებისა და მეცნიერების მინისტებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ მთავრობის შემდეგ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, საარჩევნო პროცესისა და გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა იუბილეს აღნიშვნა ისეთ დონეზე, როგორც ეს ყველასთვის ძალიან საამაყო კულტურულ მოღვაწეს შეეფერებოდა.
„შოთა რუსთაველის დღის დაწესება იქნებოდა ძალიან კარგი ასევე ახალგაზრდა თაობისთვის, ვინაიდან არ მჭირდება, ალბათ, იმაზე ბევრი საუბარი, რა უზომოდ ბევრი განზომილება გააჩნია შოთა რუსთაველის ფენომენს საქართველოსთვის და მთლიანად კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამას მივცემთ უკვე ფორმალიზებულ სახეს“, — განაცხადა პრემიერმა.