თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკით ნაკლებად ინტერესდება და მომავალს ოპტიმიზმით უყურებს, აჩვენა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა.
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს 2010 წლიდან ახორციელებს. ამჯერად გამოკითხვა პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით NDI-ს დაკვეთით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (СRRС) ჩაატარა.
ცხოვრება უკეთესი გახდა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა — 72% მიიჩნევს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრება გაუმჯობესდა, მათ არ ეთანხმება 24%. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ ან პასუხის გაცემაზე უარი თქვეს.
ამავე დროს 69% დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობა მათზე უკეთესად იცხოვრებს. კიდევ 9% მიიჩნევს, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება, ხოლო 12% დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობა მათზე უარესად იცხოვრებს.
ამის პარალელურად გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ 15 წლის შემდეგ საქართველო ეკონომიკურად უფრო სტაბილური იქნება, 66% — რომ სიღარიბის ზღვარი შემცირდება. ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება, შესაბამისად, 10% და 17%.
გაიყო თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება დღეს საქართველო: გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ ვითარდება, 31% — რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 32% — არასწორი მიმართულებით.
2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ეთანხმებოდა 39%, 2015 წელს — 27%, ხოლო 2016 – 32%.
ამავე დროს გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 63% თავს უმუშევრად მიიჩნევს, ხოლო 37% — დასაქმებულად. 2014 წელს თავს უმუშევრად მიიჩნევდა 68%, 2015 – 67%, ხოლო 2016 – 66%.
სიმპათიები და ანტიპათიები
გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ყველაზე უკეთ მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ყველაზე ცუდად — თბილისის მერი დავით ნარმანია. მოსახლეობის აზრი ორად გაიყო ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მუშაობასთან დაკავშირებით — გამოკითხულთა 29% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% — უარყოფითად. გამოკითხულთა აზრი გაიყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მუშაობის შეფასებისას: მისი მუშაობით უკმაყოფილოა 19%, ხოლო 15% — კმაყოფილია.
ზოგადად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში ჩინოვნიკების მუშაობამ „საშუალო“ შეფასება მიიღო — ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 40%-დან 50%-მდე.
გამოკითხვა შეეხო მოსახლეობის დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. მოსახლეობის ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მეორე ადგილზეა — იუსტიციის სახლები, მესამეზე — ჯარი, ხოლო მეოთხეზე — საქართველოს პოლიცია.
გამოკითხულთა აზრით, ყველაზე უარესად მუშაობენ პარლამენტი, თბილისის საკრებულო და სასამართლოები.
პოლიტიკის მიმართ გულგრილობა იზრდება
გამოკითხულთა უმრავლესობას საქართველოს არც ერთი პარტია არ მოსწონს, ამ აზრს სულ უფრო მეტი გამოკითხული იზიარებს. 2017 წლის აპრილში გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებს არც ერთი პარტია არ შეესაბამება. 2016 წელს ასეთ აზრს იზიარებდა 22%, 2015 – 35%, 2014 – 30%.
იმავე დროს, გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პოპულარობა მცირდება. 2017 წლის აპრილში „ქართული ოცნება" მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომად გამოკითხულთა 29%-მა დაასახელა, 2016 წელს — 40%-მა, 2015 – 21%, 2014 – 42%.
ხოლო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დამოკიდებულება თითქმის არ შეცვლილა. ის გამოკითხულთა 10%-ს მოსწონს, 2016 წელსაც 10%, 2015 – 13%, ხოლო 2014 – 11%.
ოდნავ გაიზარდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა — გამოკითხულთა 4% მას საკუთარი შეხედულებების შესაბამის პარტიად მიიჩნევს. 2015 და 2016 წლებში პარტიას მხარს გამოკითხულთა 3% უჭერდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 7–28 აპრილს ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა საქართველოს 2 493 მოქალაქე, მათ შორის, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები. გამოკითხვის ცდომილებაა +/- 2,7%.