ფარნავაზის მეფობა ალექსანდრე დიდის იმპერიის დაშლის პერიოდს ემთხვევა. მაკედონელის იმპერია მოიცავდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ბერძნულ სამყაროს და აქამენიდური ირანის იმპერიის მთელ ტერიტორიას. იგი აკონტროლებდა საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალის – დიდი აბრეშუმის გზის ორივე, კონტინენტურ და საზღვაო ნაწილს. ალექსანდრე მაკედონელის მიღვაწეობა იმით დასრულდა, რომ ზემოხსენებული ორი სამყარო ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ე.წ. ელინისტურ სივრცეში მოექცა.
მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, მართალია, იმპერია დაიშალა, მაგრამ ელინისტურმა სამყარომ კულტურულ-ცივილიზაციური ერთიანობა შეინარჩუნა. სავაჭრო სისტემაც ერთი პოლიტიკური ძალის – სელევკიდების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დარჩა.
ქრისტეს შობამდე III-II საუკუნეების მიჯნაზე სელევკიდებს ორი კონკურენტი გამოუჩნდათ: დასავლეთიდან – რომის რესპუბლიკა, აღმოსავლეთიდან კი პართიის სამეფო. ამ ორი მტრის ზეწოლას სელევკიდების სახელმწიფომ თითქმის მთელი საუკუნე გაუძლო. მისი დაშლის შემდეგ დიდი აბრეშუმის გზის კონტროლს, რომისა და პართიის სახელმწიფოებთან ერთად, ორი ახალი პრეტენდენტიც იჩემებდა. ესენი იყვნენ არმენია და პონტო.
არმენები ინდოევროპულენოვანი ეთნოსი იყო. ურარტუს დაცემისა და ურარტუელთა ჩრდილო-აღმოსავლეთით მიგრაციის შემდეგ მათ ვანის ტბის ირგვლივ ტერიტორიები დაიკავეს. არმენია თავისი ძლიერების მწვერვალს ტიგრან II-ის (ჩვ.წ.აღ.-მდე 94-56 წწ) მეფობის ჟამს აღწევს: მის შემადგენლობაში მოექცა თანამედროვე ჩრდილოეთ ირანის, ჩრდილოეთ სირიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთის ტერიტორიები. რაც შეეხება პონტოს, იგი ელინისტური სამყაროს ნაწილი იყო, რომლის მოსახლეობის ძირითად ბირთვს ქართველური ტომები შეადგენდნენ. ქრისტეშობამდე I საუკუნეში, მითრიდატე VI ევპატორის მეფობისას მის ფარგლებში მოექცა თითქმის მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, თანამედროვე ყირიმიდან სტამბულამდე, დღევანდელი თურქეთის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილები.
პონტო და არმენია გარკვეულწილად პარტნიორებად გვევლინებიან როგორც რომის, ისე პართიის წინააღმდეგ ბრძოლებში. ჩვ.წ.აღ.-მდე 66-65 წლებში პონტო და არმენია რომის სარდალმა გნეუს პომპეუსმა გაანადგურა. სასანიდური ირანის წარმოშობამდე (ჩვ.წ.აღ. III საუკუნე) რომი და პართია ქმნიან პოლიტიკურ ამინდს მაშინდელ მსოფლიოში და ძირითადად ისინი აკონტროლებენ აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა დამაკავშირებელ მაგისტრალს. აღსანიშნავია, რომ რომი კულტურულად ელინისტურ სამყაროსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ხოლო პართია საერთოდ ელინისტური ქვეყანა იყო.
ჩვ.წ.აღ.-მდე III საუკუნიდან მოყოლებული ქართლის სამეფოს პოლიტიკა მიმართული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და იბერიის სახელმწიფოს გაძლიერებისკენ. ფარნავაზის მემკვიდრეებმა იმთავითვე გაისიგრძეგანეს ის როლი და ფუნქცია, რომელიც, თავისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა შეესრულებინა მათ ქვეყანას „საერთაშორისო სისტემაში“. იბერიის სამეფო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა დიდ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროცესებში.
უძველესი დროიდან მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით გაშლილი (“დეშთ ყიფჩაღის”) დიდი სტეპებიდან მომთაბარე „ბარბაროსების“ — კიმერიელების, სკვითების, სარმატების, ალანებისა თუ ჰუნების პერიოდული შემოსევები. სხვათა შორის, იგივე ეთნოსებს არაერთი პრობლემა შეუქმნიათ ევროპელთათვის დასავლეთით მიგრაციის დროს. საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალის გაჩენისთანავე განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ჩრდილოეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების გარანტიებმა, რაც პირდაპირ კავშირში იყო კავკასიონის უღელტეხილების კონტროლთან. უღელტეხილების კონტროლი შედარებით მცირე ძალთა მობილიზაციას საჭიროებდა და კავკასიონს აქეთ მხოლოდ საკუთარ მოკავშირეთა გამოტარების საშუალებას იძლეოდა. ეს არ გამოპარვიათ ფარნავაზიანებს და წარმატებითაც გამოიყენეს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. დიდი სახელმწიფოების ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარე იბერია, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თავის ნებისამებრ ან ასრულებდა „ბარბაროსებსა“ და კულტურულ სამყაროს შორის ბუფერის როლს, ან, პირიქით, მრისხანე სამხედრო ძალას გზას უხსნიდა სამხრეთისკენ; იყენებდა რა იმპერიებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსა და ინტერესთა სხვადასხვაობას, იბერია ოსტატურად ლავირებდა მათ შორის. იბერიის მეფენი უშეცდომო პოლიტიკურ თამაშთა ვირტუოზებად ჩანან და სწორედ მათი პოლიტიკური გამჭრიახობა გახდა საწინდარი ქართლის სამეფოს სიძლიერისა. იბერიის სამეფო ცხრა საუკუნის მანძილზე – 523 წლამდე ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, რაც არცთუ ხშირია მსოფლიო ისტორიის მანძილზე.
ფარნავაზის უშუალო მემკვიდრეების (საურმაგი, მირიან I) პოლიტიკა მიმართული იყო კავკასიელ მთიელებთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ. უღელტეხილები მთიელებთან შეთანხმების შედეგად მცხეთიდან კონტროლდებოდა. შესაბამისად, სელევკიდებიც, პონტოც, არმენიაც, რომიც და პართიაც მაქსიმალურად ერიდებოდნენ იბერიასთან კონფლიქტს და ანგარიშს უწევდნენ მის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართლი გახსნიდა გადმოსასვლელებს და უმდიდრესი სავაჭრო ქალაქები ბარბაროსთა შემოსევების მსხვერპლი გახდებოდა. აქედან გამომდინარე, ქართლის სამეფო, მიუხედავად სიმცირისა, ძირითადად ახერხებდა სტაბილურობის შენარჩუნებას. დიდ სახელმწიფოთა შორის ატეხილი ომების დროს კი სავაჭრო გზა ავტომატურად ინაცვლებდა ტრადიციულად მშვიდობიანი ჩრდილოეთის – საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ძლიერ სტიმულს აძლევდა აქაური ეკონომიკის განვითარებას.
ჩვ.წ.აღ.-მდე I საუკუნეში იბერია უკვე იმდენად მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა, რომ თავად უცხადებს ომს რომის რესპუბლიკას.
ძვ.წ.აღ. 66 წელს პომპეუსმა გაანადგურა პონტოსა და არმენიის სამეფოები. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი ბოსფორში (ყირიმში გაიქცა). დიდი არმენიის მეფე ტიგრან II დიდმა კი ხუთი სტადიონის (დაახლოებით ერთი კილომეტრი) მანძილი მუხლებზე ხოხვით იარა პომპეუსის კარვამდე, რათა რომაელი სარდლის გული მოელბო და სიცოცხლე მაინც შეენარჩუნებინა.
მოკავშირეების გარეშე დარჩენილმა იბერებმა შეურაცხყოფად მიიღეს პონტოელთა მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსი ქართლთან ომს არ აპირებდა, იბერებმა გადადგეს მსოფლიო ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო ნაბიჯი – პონტოელთა ღირსების დაცვის საბაბით ბრძოლაში გამოიწვიეს პომპეუსის ლეგიონები. ეს ერთი შეხედვით უჩვეულო ფაქტი იბერთა სიძლიერეს ადასტურებს. ამავდროულად იბერებმა რომს საკუთარ გამორჩეულობაზე მიანიშნეს და აგრძნობინეს, რომ ისინი, სრულიად მარტონიც კი, ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ.
ასეთი ტაქტიკა საბოლოო ჯამში გამართლებული აღმოჩნდა. 65 წელს პომპეუსთან ომში განცდილი მარცხის მიუხედავად ქართლის სამეფომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა – ზავის პირობებით ქართლის მეფე „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“ აღიარეს. პლუტარქეს თუ ვენდობით, რომაელებს მცირერიცხოვან იბერებზე მედგარი, მამაცი და ღირსეული მოწინააღმდეგე არასდროს შეხვედრიათ.
ჩვ.წ.აღ. I საუკუნეში ქართლის სამეფო მეზობლებზე გავლენის გავრცელებას და რეგიონში საკუთარი ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს. საკმაო წარმატებით იყენებს იმპერიად გარდაქმნილ რომთან მოკავშირეობასაც.
34 წელს გარდაიცვალა არმენიის მეფე არტაშესი. ქართლის მეფე მითრიდატეს ძე ფარსმანი შეიჭრა არმენიაში, დაამარცხა პართიელები, ბრძოლის ველზე მოკლა პართიის უფლისწული ოროდე, აიღო დედაქალაქი არტაქსატა და ტახტზე დასვა თავისი ძმა მითრიდატე. იმპერატორმა ტიბერიუსმა ქართველი უფლისწული არმენიის მეფედ სცნო. თუმცა 47 წელს იმპერატორმა კალიგულამ გადააყენა მითრიდატე. 51 წელს იბერებმა გარნისთან ბრძოლაში დაამარცხეს რომაული ლეგიონები და კვლავ დაეუფლნენ არმენიის ტახტს. კალიგულას მემკვიდრე იმპერატორი კლავდიუსი მომხდარ ფაქტს „შეეგუა“. ქართული დინასტია არმენიის ტახტზე დიდხანს არ დარჩენილა. ქართლის მეფე ფარსმანის ძემ რადამისტმა მოკლა ბიძა – არმენიის მეფე მითრიდატე და ტახტი თავად დაიკავა. არტაქსატის კარის პართიულმა პარტიამ ისარგებლა ქართულ სამეფო ოჯახში არსებული განხეთქილებით და რადამისტის ჩამოგდება მოახერხა.
69 წლიდან რომის საიმპერატორო ტახტი ფლავიუსთა დინასტიამ დაიკავა. იმპერატორ ვესპასიანეს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა ქართლის მეფე მითრიდატე II-სთან. რომის იმპერატორმა, ნიშნად „სიყვარულისა და მეგობრობისა“, 75 წელს ქართლის დედაქალაქს — მცხეთას ახალი გალავანი შემოავლო.
ფარნავაზიანთა სამეფო თავისი პოლიტიკური ძლიერების ზენიტს ფარსმან II ქველის მეფობის ჟამს აღწევს. მისი ზეობის ხანა იმპერატორების ანდრიანესა და ანტონინე პიუსის პერიოდს ემთხვევა. ფარსმან II მთელი კავკასიის დამორჩილებას ცდილობდა. იგი მოხერხებულად იყენებდა რომისა და პართიის კონფლიქტს და აწარმოებდა, ძირითადად, წარმატებულ ომებს ორივეს წინააღმდეგ, რითიც თავისი სამეფოს ავტორიტეტისა და ტერიტორიების მნიშვნელოვან გაფართოებას მიაღწია. ანტონინე პიუსი იძულებული გახდა ეღიარებინა იმპერიის ხარჯზე ფარსმანის ტერიტორიული შენაძენები დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მან ქართლის მეფე რომში მიიწვია და მსხვერპლი აწირვინა კაპიტოლიუმში (რაც ფარსმანის არაბარბაროსობაზე ხაზგასმას ნიშნავდა). მეფისა და მისი ამალის ბრწყინვალებით მოხიბლულმა რომაელებმა ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი დადგეს მარსის ველზე.
I საუკუნის ბოლოდან ძველი მსოფლიო მასშტაბურმა კრიზისმა მოიცვა. რომი ძლივსღა უმკლავდება ბარბაროსთა შემოსევებს. იმპერიის ტახტზე ელვისსისწრაფით ცვლიან ერთმანეთს “სალდათი იმპერატორები”. ელინისტურმა პართიის სამეფომ III საუკუნეში საერთოდ შეწყვიტა არსებობა. ისტორიის არენაზე გამოსული სასანიდების დინასტია ახალ სახელმწიფოს ტრადიციულ რელიგიაზე ზოროასტრიზმზე აფუძნებს. ირანი აგრესიულ რელიგიურ პოლიტიკას ატარებს, ვინაიდან მაზდეანობას იმპერიის მთავარ მაინტეგრირებელ ელემენტად განიხილავს. რომის იმპერიაში IV საუკუნიდან სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ცხადდება. ამავე პერიოდს უკავშირდება დედაქალაქის ბიზანტიონში გადმოტანა და მსოფლიო ასპარეზზე აღმოსავლეთ რომის იმპერიის გამოსვლა.
იბერიის სამეფო ერთი პერიოდი სასანიდთა გავლენის ქვეშ მოექცა – III საუკუნის სპარსელ დიდმოხელეთა ჩამონათვალში ქართლის მეფესაც ვხვდებით. მეორე მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მცხეთის ტახტის ბიზანტიურ ორიენტაციასა და დაბალანსებულ პოლიტიკაზე მიუთითებს. თუმცა, იმპერიის ცენტრთან საკმაო მანძილით დაშორება აღმოჩნდა ის გეოპოლიტიკური ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, სხვა გარემოებებთან ერთად განაპირობა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა — იბერიის სამეფოს გაუქმება. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა…