თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება"- იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
„განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მიმართულებით შრომის ინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების ფუნქციები გაძლიერდება, რადგან ფაქტია, რომ სადაც არსებობს სიცოცხლისთვის რისკის შემცველი სამუშაოები, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და პირველ პლანზე უნდა გადმოვიდეს ამ რისკების დაზღვევა" — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, შრომის ინსპექცია გაძლიერდება, მას გაუჩნდება სავალდებულო საზედამხედველო ფუნქცია იქ, სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები ტარდება, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულება უფრო ეფექტურად ამუშავდება და დაიხვეწება ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია.
სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.
ორი მინისტრის ბრძანებით შექმნილი ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, მაღალი რისკის ინდუსტრიის წარმომადგენელ დაწესებულებებში, უკვე მომავალი კვირიდან შევა. არსებული რეგულაციების საფუძველზე დაიწყებს იქაური სამუშაო პირობების ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას.
რაც შეეხება ახალ კანონპროექტს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ის პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
"შრომის უსაფრთხოების საკითხები მოწესრიგებას რომ საჭიროებს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, დაფუძნდა რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის შრომის ინსპექცია, ასევე სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და შრომითი დავების მედიაციის სამსახური. გარდა ამისა, მიღებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი."-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, დაგეგმილი იყო, რომ კანონმპროქტზე მუშაობა დასრულდებოდა წლის ბოლოს და 2018 წელს იქნებოდა განხილვა პარლამენტში.
თუმცა, გამომდინარე მაღალი საჭიროებიდან, ფორსირებულად დავასრულეთ მასზე მუშაობა, რამდენიმე ტექნიკური, იურიდიული საკითხია დარჩენილი და მჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში პარლამენტი მას განიხილავს" — აღნიშნა დავით სერგეენკომ.